პროკურორი აცხადებს, რომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის ცემაში ბრალდებული ერთი პირი დაკავებულია, მიმდინარეობს სხვა პირთა იდენტიფიცირება
პროკურორი აცხადებს, რომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის ცემაში ბრალდებული ერთი პირი დაკავებულია, მიმდინარეობს სხვა პირთა იდენტიფიცირება

პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, საქართველოს პირველი არხის ოპერატორის ილია თვალიაშვილის ცემაში ბრალდებული ერთი პირი დაკავებულია და მიმდინარეობს სხვა პირთა იდენტიფიცირებაც, რომელთა მიერ ილია თვალიაშვილზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი პირის იდენტიფიცირება მოხდა, რომელმაც ილია თვალიაშვილს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. ამასთან, როგორც იაკობიძემ განაცხადა, ილია თვალიაშვილის გამოკითხვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჯერ ვერ მოხერხდა, თუმცა აღნიშნა, რომ მას დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული.

„რეალურად კიდევ რვა პირს წარედგინა ბრალი. ამ რვა პირიდან სამი არის „თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდასხმაში ბრალდებული. მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიება დღის მანძილზე შევა. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობას ეხება, კიდევ ხუთი პირის მიმართ, ასევე შევა დღის მანძილზე. ამ ხუთი პირიდან ერთ-ერთს ბრალდება წარდგენილი აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, ილია თვალიაშვილზე განხორციელებულ ძალადობაზე. როგორც თქვენთვის არის ცნობილი, ილია თვალიაშვილზე რამდენიმე პირის მიერ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, თუმცა ერთი კონკრეტული პირის იდენტიფიცირება მოხდა, რომელსაც აღნიშნული ძალადობის გამო წარედგინა ბრალდება. მას კიდევ სხვა ჟურნალისტების მიმართ აქვს განხორციელებული ძალადობა და ეს ასახულია მის ბრალში. ილია თვალიაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, გამოცხადდეს საგამოძიებო უწყებაში, თუმცა ის დაზარალებულად არის ცნობილი. სხვა მტკიცებულებებითა და სხვა წყაროებით შეძლო ბრალდებამ, იდენტიფიცირება მოეხდინა. რამდენიმეა, ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდა, მაგრამ ამ ეტაპზე ერთის იდენტიფიცირება მოხდა“, – განაცხადა თამარ იაკობიძემ.

საქართველოს პროკურატურამ მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ, მათ შორის საქართველოს პირველი არხის ოპერატორისთვის ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული ძალადობისა და „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრის ფაქტებზე დაკავებულ რვა პირს დღეს ბრალდება წარუდგინა.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.