პროკურატურაში გასულ წელს სიძულვილის მოტივთან დაკავშირებული 272 საქმის შესწავლა მიმდინარეობდა

00:07, 17.05.2020

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გასულ წელს სიძულვილის მოტივის შესწავლა 272 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარეობდა.

უწყება პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ სიძულვილის მოტივის შესწავლა წარიმართა – სქესის/გენდერის ნიშანის მიმართულებით (120 საქმეში); რელიგიური ნიშნის (40 საქმეში); გენდერული იდენტობის (31 საქმეში); სექსუალური ორიენტაციის (33 საქმეში); შშმ პირების 16 საქმეში; ასევე სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის – 11 საქმეში; ეროვნული ნიშნის (ხუთ საქმეში); რასის ოთხ საქმეში; ეთნიკური ნიშანი – სამ საქმეში; პოლიტიკური შეხედულების ორ საქმეში; რელიგიის და გენდერის ერთ საქმეში.

უწყება აღნიშნავს, რომ 2019 წელს, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 183 პირის მიმართ, რომელთაგან ბრალდება წარედგინა 119 პირს გენდერის/სქესის ნიშნით; 19 პირს – სექსუალური ორიენტაციის ნიშნით; 13 პირს – რელიგიის ნიშნით; 12 პირს – გენდერული იდენტობის ნიშნით; ოთხ პირს – რასის ნიშნით; სამ პირს – შშმ ნიშნით; ოთხ პირს – რასის და ეთნიკური ნიშნით; ოთხ პირს – ეროვნული ნიშნით; ერთ პირს – რელიგიის და გენდერის ნიშნით; ერთ პირს – სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით; ერთ პირს – პოლიტიკური შეხედულების ნიშნით; ორ პირს – სხვა ნიშნით.

„2019 წელს რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით გამოძიება დაიწყო 41 საქმეზე, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 14 პირის მიმართ. რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით დაზარალებულად ცნეს 30 პირი: რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით – 29 პირი (მათ შორის სამი იურიდიული პირი); რელიგიური და გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით – ერთი პირი“, – აღნიშნულია ანგარიშში.

მსგავსი