პროკურატურა 5 ივლისის მოვლენებისას დაკავებული ხუთი პირისთვის, მათ შორის საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე ძალადობაში ბრალდებულისთვის, პატიმრობის შეფარდებას ითხოვს
პროკურატურა 5 ივლისის მოვლენებისას დაკავებული ხუთი პირისთვის, მათ შორის საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე ძალადობაში ბრალდებულისთვის, პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

პროკურატურა 5 ივლისის მოვლენებისას დაკავებული ხუთი პირისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. მათ შორის ერთ-ერთია ცოტნე ჩიხლაძე, რომელიც ბრალდებულია საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილზე ფიზიკურ ძალადობაში.

როგორც პროკურორმა, თამარ იაკობიძემ განაცხადა, ცოტნე ჩიხლაძესთან მიმართებაში წარმოდგენილია კონკრეტული მტკიცებულებები.

„პირველ რიგში ვისაუბრებ ფაქტობრივ საფუძვლებზე, ვიდეოჩანაწერებში ჩანს, მათ მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტები. საქმე გვაქვს დანაშაულთან, რომელიც მიემართება ლგბტ თემის მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას, ეს არის სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, რაც გადაიზარდა ჟურნალისტებში ძალადობაში. მათ შეუძლიათ კონკრეტულ ჟურნალისტზე იმიტომ, რომ არ მოსწონთ, განახორციელონ ძალადობა, ეს უკვე მომეტებული საფრთხეა, რომ განახორციელონ ისევ დანაშაული. აქ საუბარი არაა კონკრეტულ მოტივზე დაზარალებულებზე, აქ საუბარია გამოხატვის თავისუფლებაზე კონკრეტული პირების მიერ, რაც მათ არ მოსწონთ. ცოტნე ჩიხლაძე, რომელიც ბრალდებულია ილია თვალიაშვილზე განხორციელებულ ძალადობაზე. მასთან მიმართებით წარმოდგენილია კონკრეტული მტკიცებულებები“, – განაცხადა პროკურორმა.

რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.

მედიის წარმომადგენლების, მათ შორის ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრის ფაქტებზე დაკავებულ რვა პირს პროკურატურამ ბრალდება დღეს წარუდგინა.