პროდიუსერმა ნიკა ლობილაძემ „პირველი არხი სპორტის“ შესახებ გადაცემა „ახალ დღეში“ ისაუბრა #1TVSPORT
ეთერში გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის კიდევ ერთი არხი – „პირველი არხი სპორტი“, რომელიც 24 საათის განმავლობაში იფუნქციონირებს.
დიდი ხნის ჩანაფიქრი 13 მაისს განხორციელდა – ქართული ფეხბურთის, სპორტისა და მთლიანად საქართველოსთვის მნიშვნელოვან დღეს, როდესაც თბილისის „დინამომ“ პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ევროპული ტიტული მოიპოვა.
„პირველი არხი სპორტის“ ეთერში იხილავთ სპორტის სხვადასხვა სახეობის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს, გადაცემა „ტაიმაუტს“, ისტორიულ და ახლო წარსულის მნიშვნელოვან თამაშებს, თემატურ დოკუმენტურ ფილმებს.
ისტორიული რეპორტაჟების შესახებ „პირველი არხის“ თანამშრომლებთან ერთად კომენტარებს ვეტერანი სპორტსმენები გააკეთებენ. მაგალითად, 1981 წლის მატჩი „ვესტ ჰემსა“ და „დინამო თბილისს“ შორის გიგა გვენცაძესთან ერთად ოთარ გაბელიამ და ვლადიმერ გუცაევმა გაიხსენეს, ხოლო თბილისის „დინამოსა“ და იენის „კარლ ცაისის“ 13 მაისის ფინალს გიგა გვენცაძესთან ერთად ვლადიმერ გუცაევი გაუძღვა.
ახალი არხის დაარსების წინაპირობასა და მიზნებზე „პირველი არხის“ გადაცემა „ახალ დღეში“ არხის პროდიუსერმა, ნიკა ლობილაძემ ისაუბრა.
„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ „პირველი არხი სპორტი“ არ შექმნილა იმისთვის, რომ პირველი არხიდან სპორტული კონტენტები წაიღოს – გადაცემები და სანაკრებო რეპორტაჟები „პირველ არხზე“ დარჩება. პირიქით, დაეხმარება, თუ რეპორტაჟები ერთმანეთს დაემთხვევა. ეს კი ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად მოხდება.
არხის შექმნის სამი ძირითადი მიზანია: პირველი – ეროვნული ჩემპიონატების გაშუქება; მეორე – „პირველ არხზე“ ვერმოხვედრილი საერთაშორისო ტურნირების ჩვენება; მესამე – საზოგადოებრივ მაუწყებელს ძალიან ძვირფასი არქივი აქვს, რომლის წამოწევასაც შევეცდებით“, – ამბობს „პირველი არხი სპორტის“ პროდიუსერი ნიკა ლობილაძე.
„პირველი არხი სპორტის“ ხილვა შესაძლებელი იქნება „მაგთიზე“ (303-ე არხი), ასევე 1tv.ge-ს ვებპლატფორმაზე. ტელეპროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.