პოროშენკო ზელენსკის - უკრაინა ეგვიპტის სასტუმროს ნომერი ნუ გგონია
პოროშენკო ზელენსკის - უკრაინა ეგვიპტის სასტუმროს ნომერი ნუ გგონია

უკრაინა ეგვიპტის სასტუმროს ნომერი ნუ გგონია, – ეს განცხადება უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ არჩეული პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ბრალდების საპასუხოდ გააკეთა, რომელიც პოროშენკოს მისი ინაუგურაციის გაჭიანურებაში ადანაშაულებს.

როგორც პოროშენკო „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ის მზადაა, ინაუგურაციის ნებისმიერ თარიღს დაუჭიროს მხარი, თუმცა გადაწყვეტილება უმაღლესმა რადამ უნდა მიიღოს. პოროშენკო ამბობს, რომ უკრაინის არჩეული პრეზიდენტი მას დაუმსახურებლად აკრიტიკებს.

„უკრაინა არ გახლავთ ნომერი ეგვიპტის სასტუმროში, როგორც ეს ბატონ ზელენსკის ჰგონია. ხელისუფლების გადაცემა რთული და საპასუხისმგებლო პროცესია“, – წერს უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი.

მანამდე, ვლადიმირ ზელენსკიმ მკაცრად გააკრიტიკა უკრაინის რადა და სპიკერ ანდრეი პარუბისგან მოითხოვა, რომ მისი ინაუგურაცია 19 მაისს დაინიშნოს. ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ პოროშენკო „უზრდელ ტურისტს“ შეადარა, რომელიც სასტუმროში ნომერს განსაზღვრულ დროს არ ტოვებს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის კანონმდებლობით, თუ ზელენსკის ინაუგურაცია 27 მაისამდე არ შედგება, მაშინ მას უკრაინის პარლამენტის დათხოვნის უფლებამოსილება არ ექნება. უკრაინის არჩეული პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ პოროშენკო და მისი გუნდი ინაუგურაციის დანიშვნას განზრახ აჭიანურებენ.