„ბლუმბერგი“ – აშშ ევროპიდან დაგეგმილზე გაცილებით ნაკლები რაოდენობის სამხედრო მოსამსახურის გაყვანას გეგმავს
გამოცემა „ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ ევროპიდან სამხედრო კონტინგენტის შემცირებას დაგეგმილზე გაცილებით მცირე მასშტაბით გეგმავს. საუბარია, დაახლოებით 5 000 სამხედრო მოსამსახურის გაყვანაზე.
მანამდე ევროპელი მოკავშირეები შიშობდნენ, რომ შეერთებული შტატებს ევროპიდან შესაძლოა 25 000-მდე სამხედრო მოსამსახურე გაეყვანა. თუმცა, წყაროების ცნობით, ახლა მოსალოდნელია, რომ შემცირების მასშტაბი გაცილებით მცირე იქნება. ამის ერთ-ერთი მიზეზი ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდისადმი ვაშინგტონის დადებითი შეფასებაა.
წყაროების ინფორმაციით, პენტაგონის ხელმძღვანელობამ ასევე გააცნობიერა, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპაში განლაგებული აშშ-ის შეიარაღებული ძალები ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო ძალის დემონსტრირებისთვის.
პენტაგონის წარმომადგენლის განცხადებით, საკითხის გადახედვის პროცესი კვლავ მიმდინარეობს და ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროება არ იგეგმება.