პოლონეთის ყოფილმა პრემიერმა უკრაინის იაროსლავ ბრძენის ორდენი ვოლინის ტრაგედიის მუზეუმს გადასცა – „დაე, ეს ჯილდო გახდეს ვოლინის ხოცვა-ჟლეტისას მოკლული უდანაშაულო პოლონელების ხსოვნის სიმბოლო“
პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ უკრაინის იაროსლავ ბრძენის ორდენი ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის მუზეუმს გადასცა.
მორავიეცკიმ განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად აბრუნებდა უკრაინის იაროსლავ ბრძენის ორდენს, რომელიც მან უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში მიიღო, თუმცა ჯილდოს უკრაინას არ უბრუნებს.
„ყველას, ვინც ამ მუზეუმს სტუმრობს – როგორც პოლონელ, ასევე უცხოელ სტუმრებს – ჰქონდეთ დამატებითი მიზეზი, დაფიქრდნენ ვოლინის ხოცვა-ჟლეტის სისასტიკესა და საზარელ ბუნებაზე. დაე, ეს ჯილდო გახდეს ვოლინის ხოცვა-ჟლეტის დროს სასტიკად მოკლული ათიათასობით უდანაშაულო პოლონელის ხსოვნის სიმბოლო. რადგან კორუმპირებული უკრაინული ელიტა ამის გაკეთებას ვერ ახერხებს, მე ამას მათთვის გავაკეთებ“, – განმარტა მორავეცკიმ.
მორავეცკის ინიციატივით, უნდა განახლდეს კანონპროექტის განხილვა და მიღება, რომელიც ითვალისწინებს სასჯელს „ბანდერიზმთან“ დაკავშირებული სიმბოლოების პოპულარიზაციისთვის.
ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრი არწივის ორდენი მას შემდეგ ჩამოართვა, რაც ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფს „უკრაინის მეამბოხეთა არმიის“ სახელი უწოდა. როგორც პოლონური მედია წერს, „უკრაინის მეამბოხეების არმიამ“ 1943 წლის ივლისში კოორდინირებული თავდასხმა განახორციელა პოლონელებით დასახლებულ დაახლოებით 150 ქალაქზე, რომლებიც მდებარეობდნენ ყოფილი ვოლინის სავოევოდოს, კერძოდ კი, ვოლოდიმირის, ჰოროხოვის, კოველისა და ლუცკის ოლქებში, დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ, ვოლოდიმირ ზელენსკისადმი სოლიდარობის ნიშნად, უარი თქვა „პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“ მინიჭებულ ორდენის კომანდორის ჯვარზე, რომელიც მას 2022 წელს გადასცეს. სიბიგას მსგავსად, ჯილდოზე უარი თქვეს უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა: ვიქტორ იუშჩენკომ, ლეონიდ კუჩმამ და პეტრო პოროშენკომ.