ანდრეი სიბიგა - ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება პოლონეთის პრეზიდენტის სტრატეგიული შეცდომაა, პოლონეთს მალე დავუბრუნებ მონიჭებულ უმაღლეს ჯილდოს
ანდრეი სიბიგა - ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება პოლონეთის პრეზიდენტის სტრატეგიული შეცდომაა, პოლონეთს მალე დავუბრუნებ მონიჭებულ უმაღლეს ჯილდოს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება პოლონეთის პრეზიდენტის სტრატეგიული შეცდომაა, რომლითაც სარგებელს მხოლოდ მოსკოვი მიიღებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, სოლიდარობის ნიშნად, სიბიგა უარს ამბობს და პოლონეთს დაუბრუნებს „პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“ მინიჭებულ ორდენის კომანდორის ჯვარს, რომელიც მას 2022 წელს გადასცეს

„სამწუხაროა, რომ ვარშავას ემოციებმა სძლია და აიძულა პოლონელი პოლიტიკოსები გადაედგათ გაუმართლებელი, იმპულსური და უპატივცემულო ნაბიჯები არა მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკის, არამედ პირველ რიგში უკრაინის სახელმწიფოს მისამართით. ასეთი დაუფიქრებელი ქმედებების ფონზე, მე ვერ ვხედავ შესაძლებლობას, შევინარჩუნო 2022 წლის ოქტომბერში მონიჭებული პოლონეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო. მას მალე პოლონეთს დავუბრუნებ“, – განაცხადა სიბიგამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქმე არ არის ორდენებში, არამედ დამოკიდებულებაშია.

მისივე თქმით, უკრაინა ყოველთვის ემხრობოდა ურთიერთპატივისცემის მიდგომას – მაშინაც კი, როცა რთულ და პრობლემურ საკითხებზე იყო საუბარი.

„ეს გულისხმობს, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთის გადაწყვეტილებებს მაშინაც კი, როცა არ ვეთანხმებით მათ. როგორც ამბობენ – „ვთანხმდებით იმაზე, რომ არ ვეთანხმებით“. ჩვენ არასდროს გვსურდა ეს კონფლიქტი. ამის ნაცვლად, წელიწადნახევრის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით წინააღმდეგობების მოგვარებაზე, ისტორიული საკითხების დეპოლიტიზაციაზე, პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობის განბლოკვაზე, პოლონური მხარის თხოვნით საძიებო და ექსჰუმაციის სამუშაოებისა და ხელახალი დაკრძალვების პროცესის აღდგენაზე, ასევე ისტორიკოსთა კონგრესის საქმიანობის განახლებაზე. ამ გზაზე ბევრს მივაღწიეთ. სწორედ ახლა მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები ჰუტა პენიაცკაში, რასაც პოლონელები ითხოვდნენ“, – აღნიშნა სიბიგამ.

სიბიგას განცხადებით, არსებული დაძაბულობა კონტრპროდუქტიულია და ეს არც უკრაინელებს სჭირდებათ და არც პოლონელებს.

„ვწუხვართ, რომ გადაწყვეტილებების ძიების ნაცვლად პოლონურმა მხარემ ეს დაძაბულობა მიუღებელ და არაადეკვატურ დონემდე მიიყვანა. ვერცერთი სხვა ქვეყნის პრეზიდენტი ვერ გვიკარნახებს ჩვენს ისტორიას“, – განაცხადა სიბიგამ.

გარდა ამისა, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს და პოლონელები დაუბრუნდებიან თანასწორუფლებიან დიალოგს, რომელიც შეესაბამება ქვეყნებს შორის მოკავშირეობრივ ურთიერთობებს საერთო მტერთან – მოსკოვთან დაპირისპირების ფონზე.

პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ნავროცკიმ განმარტა, გადაწყვეტილება მიიღო იმის გათვალისწინებით, რომ ზელენსკი თანხმობას აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი დანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირების“ სახელწოდების მინიჭებაზე. ამასთან, მისივე თქმით, გადაწყვეტილება უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ არ არის მიმართული და პოლონეთის უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიული კურსის ცვლილებას არ ნიშნავს.