პოლონეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო
პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო.
თუმცა პოლონური მედია წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში შესვლას პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის თანხმობაც სჭირდება.
როგორც კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, „თეთრი არწივის“ ორდენი არ არის ჩვეულებრივი ჯილდო, არამედ პოლონეთის უმაღლესი ნდობის სიმბოლოა, რომელიც პოლონურ სახელმწიფოსთან განსაკუთრებულ კავშირსა და პოლონელი ხალხის განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს.
„ასეთი სიმბოლო მოითხოვს არა მხოლოდ დამსახურებას, არამედ იმ ღირებულებების პატივისცემასაც, რომლებიც ჩვენი საზოგადოების ფუნდამენტს წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თანხმობას აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი დანაყოფისთვის, „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირების“ სახელწოდების მინიჭებაზე, კონსულტაციების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, უკრაინის პრეზიდენტს „თეთრი არწივის“ ორდენი ჩამოვართვა“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
კაროლ ნავროცკიმ განმარტა, რომ გადაწყვეტილება უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ არ არის მიმართული და პოლონეთის უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიული კურსის ცვლილებას არ ნიშნავს.
„ჩვენ მხარს ვუჭერდით და კვლავაც ვუჭერთ მხარს უკრაინას, რადგან ვიცით, რომ რუსეთის აგრესია საფრთხეს უქმნის პოლონეთისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებას. ამ შეფასებაში არაფერი შეცვლილა. რუსეთი აგრესორია, ხოლო პუტინი – დამნაშავე, რომელიც პასუხისმგებელია ომის გაჩაღებაზე, რომელიც ევროპისთვის მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მასშტაბურ შეიარაღებულ კონფლიქტად იქცა. ყოველი დაბომბილი საცხოვრებელი რაიონის, ყოველი ბავშვის უკან, რომელიც იძულებულია, ომს გაექცეს და ყოველი იძულებით განცალკევებული ოჯახის უკან დგას გადაწყვეტილება, რომელიც კრემლში იქნა მიღებული“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას დამოუკიდებლობა, პოლონეთი კი რჩება თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად. მისივე თქმით, პოლონეთი თანმიმდევრულად დაიცავს საკუთარი მოქალაქეების ხსოვნას, სახელმწიფო სიმბოლოების ღირსებას და „არ შეეგუება იმ პირების გმირებად წარმოჩენას, რომლებიც დაუცველ, მშვიდობიან პოლონელ მოქალაქეებს ხოცავდნენ“.
კაროლ ნავროცკის თქმით, პოლონეთი არ დაუშვებს ევროკავშირში იმ ქვეყნების გაწევრიანებას, რომელთაც არ ესმით „ტოტალიტარიზმისა და ძალადობის კულტის უარყოფის აუცილებლობა“.
„უკრაინის გზა ევროპული სტრუქტურებისკენ ასევე მოითხოვს მზადყოფნას, გულწრფელად შეაფასოს საკუთარი ისტორიის რთული გვერდები. გაერთიანებული ევროპა ტოტალიტარიზმსა და ძალადობის კულტზე უარის თქმის საფუძველზე აშენდა. ეს პრინციპები ყველასთვის სავალდებულო უნდა იყოს. არ შეიძლება, ევროკავშირში ადგილი იყოს მათთვის, ვისაც ეს არ ესმის. პოლონეთი ამას ნამდვილად არ დაუშვებს“, – აღნიშნა ნავროცკიმ.
როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, პოლონური საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის „უკრაინის მეამბოხეების არმია“, პირველ რიგში, იმ დაჯგუფებად რჩება, რომელიც პოლონელი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ სასტიკ დანაშაულებზეა პასუხისმგებელი.
მისივე თქმით, პოლონეთის სახელმწიფოს პოზიცია ამ საკითხზე, უკვე მრავალი წელია, ცნობილია.