პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დონბასში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და რუსეთს მოუწოდებს, უკრაინის წინააღმდეგ აგრესია შეწყვიტოს.

„რუსეთის მიერ მხარდაჭერილი არაკანონიერი ფორმირებების თავდასხმა იმ დროს ხდება, როდესაც ნორმანდიული ოთხეულის ძალისხმევით და პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის კონსტრუქციული პოზიციის გამო, კონფლიქტის დარეგულირება ახალ დინამიკაში იყო. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში,

გავრცელებული ინფორმაციით, 18 თებერვალს, დილით პრორუსმა მებრძოლებმა სოფელ ზოლოტოეს მახლობლად ძალთა ე.წ. დაშორიშორების ხაზის გადაკვეთა სცადეს და უკრაინელი სამხედროების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. შეტაკების შედეგად გარდაიცვალა ერთი უკრაინელი ჯარისკაცი, ოთხი კი, მსუბუქად დაიჭრა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, რუსლან ხომჩაკის ინფორმციით, უკრაინელმა სამხედროებმა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შეტევა მოიგერიეს. მისივე თქმით, მოწინააღმდეგის მხარეს დაღუპულია ოთხი ადამიანი, ექვსი კი დაჭრილი.