უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი - უკრაინელმა სამხედროებმა შეტევა მოიგერიეს, მოწინააღმდეგის მხრიდან დაღუპულია ოთხი ადამიანი, ექვსი დაიჭრა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი - უკრაინელმა სამხედროებმა შეტევა მოიგერიეს, მოწინააღმდეგის მხრიდან დაღუპულია ოთხი ადამიანი, ექვსი დაიჭრა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, რუსლან ხომჩაკის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შეტევა მოიგერიეს. მისივე თქმით, მოწინააღმდეგის მხარეს დაღუპულია ოთხი ადამიანი, ექვსი კი, დაიჭრა. ეს განცხადება ხომჩაკმა უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისივე თქმით, უკრაინელმა ჯარისკაცებს უკან არ დაუხევიათ და ყველა პოზიციას აკონტროლებენ.

„დღეს, დილით უკანონო შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა უკრაინის ორი მექანიზებული დანაყოფის მისამართით საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. ამის შემდეგ, სამი მიმართულებიდან უკრაინულ პოზიციებზე შეტევის მცდელობა იყო. ჩვენმა სამხედროებმა ეს შეტევა მოიგერიეს. დაიწყო ორმხრივი ბრძოლა. გაერო-ს წესდებით, ჩვენ პასუხის გაცემის უფლება გვქონდა. მათ შორის, გავხსენით საპასუხო საარტილერიო ცეცხლი. შედეგად, ყველა პოზიციას ვაკონტროლებთ. ამის შემდეგ, მეორე მხარემ მოითხოვა ცეცხლის შეწყვეტა, რათა დაჭრილები და დაღუპულები გაეყვანათ. ჩვენი მხრიდან, არის მსხვერპლი – ერთი სამხედრო დაიღუპა, სამი დაიჭრა და ორი დაშავდა. მოწინააღმდეგის მხრიდან დაიღუპა ოთხი მებრძოლი, ექვსი დაშავდა“, – განაცხადა ხომჩაკმა.

მისივე თქმით, ამჟამად შეტევის საფრთხე აღარ არსებობს.

დონბასში სიტუაციის ესკალაციასთან დაკავშირებით ამავე ბრიფინგზე განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინის არმიამ მოწინააღმდეგეს ღირსეული პასუხი გასცა. ამასთან, ზელენსკიმ დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს მიუსამძიმრა.

„პროვოკაციები ხდება და უკრაინის არმიამ ძლიერი პასუხი გასცა ამ პროვოკაციას. ამჟამად, სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ. ეს პროვოკაცია არ შეგვაცვლევინებს კურსს, რადგან მხოლოდ ძლიერი არმიის პირობებში შეიძლება მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა. ჩვენ თავდაჯერებულად მივიწევთ წინ, ომის დასრულებისკენ და მშვიდობის დამყარებისკენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.