პირველ არხზე დღეს რეჟისორ რეზო ესაძის ფილმის „თვე, როგორც ერთი დღე“ ტელეპრემიერა გაიმართება
რეჟისორს, სცენარისტს, მსახიობს, მხატვარსა და პოეტს რეზო ესაძეს დღეს 85 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით, პირველი არხის ეთერში, 23:30 საათზე მისი ბოლო ფილმის, „თვე, როგორც ერთი დღე“ ტელეპრემიერა გაიმართება.
ფილმი რეჟისორმა ლაშა მინდიაშვილთან ერთად 2016 წელს გადაიღო.
ამასთან, 21 თებერვალს კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ რეზო ესაძის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნება; სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართება მისი პერსონალური გამოფენა და ალბომის პრეზენტაცია.
რეზო ესაძე 1975 წლიდან არის დამდგმელი რეჟისორი კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, სადაც გადაიღო ოთხი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. როგორც კინომსახიობს, შესრულებული აქვს 10 მთავარი როლი და ბევრი ეპიზოდური როლი სხვადასხვა ავტორის ფილმებში. მათ შორის: მ. რომის „ერთი წლის 9 დღე“, თ.აბულაძის „მონანიება“, პ. ჩარკვიანის „ზოგი ჭირი მარგებელია“, ნ. გუბენკოს „დამსვენებელთა ქრონიკა“, ნ. ლებედევის „ნაგაზი“, ი. კვირიკაძის „ქალაქი ანარა“ და სხვა.
რეზე ესაძე არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიისა და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ფილმისთვის „ნეილონის ნაძვის ხე“.
2016 წელს კი, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალისგან ქართული კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის „ოქროს პრომეთე“ რეზო ესაძეს გადაეცა.