პირველი არხის სპორტული ჟურნალისტები, მერაბ მამულაშვილი და ნინო გაბელია ეროსი მანჯგალაძის პრემიით დაჯილდოვდნენ #1TVSPORT
სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღეს, 2 ივლისს, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სპორტული ჟურნალისტების გალადაჯილდოება შედგა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: სპორტული მედიის წარმომადგენლები; საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, მისი პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი და მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე; სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი; თბილისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა; ქალაქ თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი; ევროპის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი მარკ ვენტულაკი; სხვადასხვა სპორტულ ფედერაციათა ხელმძღვანელები და ოფიციალური პირები.
ღონისძიებაზე ტრადიციულად გაიცა სსჟა-ს პრემიები. არსებულ ექვს ნომინაციას წელს პირველად დაემატა ჯამლეტ ხუხაშვილის სახელობის პრემია.
ღონისძიების დასაწყისში დამსწრე საზოგადოებას მიმართა სსჟა-ს პრეზიდენტმა გიგა გვენცაძემ, რომელმაც სპორტულ მედიას საერთაშორისო დღე მიულოცა და ყველას მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა. შემდეგ სპორტულ ჟურნალისტებს მიესალმა და პროფესიული დღე მიულოცა სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, რის შემდეგაც ოფიციალური დაჯილდოების ცერემონიალი დაიწყო.
სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიხეილ კაკაბაძის სახელობის პრემია ბიძინა ბარათაშვილს გადაეცა; იგი სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ დააჯილდოვა. ამასთან, მინისტრმა ქართული სპორტული მედიისა და სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბიძინა ბარათაშვილს სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.
კოტე მახარაძის სახელობის საუკეთესო კომენტატორის პრემია დიმიტრი ობოლაძეს მარკ ვენტულაკმა გადასცა, ნოდარ გუგუშვილის პრემია წლის საუკეთესო გამოცემისთვის ვაჟა დანელიას მიენიჭა და ის ლერი ხაბელოვმა დააჯილდოვა. ირაკლი მეძმარიაშვილმა ეროსი მანჯგალაძის პრემიით საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები, მერაბ მამულაშვილი და ნინო გაბელია დააჯილდოვა. ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა ინტერნეტსივრცეში საინტერესო პროექტებისთვის ზაალ გიგინეიშვილის პრემია „კრისტალსპორტის“ გუნდის წევრებს გადასცა. გურამ თიკანაძის პრემიის ლაურეატი გამორჩეული სპორტული ფოტოხელოვანი ვარლამ გენგიური გახდა, ხოლო ჯამლეტ ხუხაშვილის პრემია ლაშა დვალიშვილს ერგო, რომელსაც ჯილდო ბატონი ჯამლეტის მეუღლემ, ევა ბაბალაშვილმა და სსჟა-ს ვიცე-პრეზიდენტმა, თენგიზ პაჩკორიამ გადასცეს.
ნომინანტების გარდა, ღონისძიებაზე სხვადასხვა სახის საჩუქარი მედიის არაერთ წარმომადგენელს გადაეცა.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის ბოლო აკორდი კი ორი ლეგენდარული სპორტსმენის – ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილისა და ბატონ ალექსანდრე მეტრეველის საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაში გაწევრიანება გახლდათ.