Pfizer-ის ხელმძღვანელის განცხადებით, წლის ბოლომდე შეიძლება მზად იყოს COVID-19-ის სამკურნალო ანტივირუსული აბები — #1tvმეცნიერება
Pfizer-ის ხელმძღვანელის განცხადებით, წლის ბოლომდე შეიძლება მზად იყოს COVID-19-ის სამკურნალო ანტივირუსული აბები — #1tvმეცნიერება

კომპანია Pfizer-ის ხელმძღვანელ ალბერტ ბურლას განცხადებით, 2021 წლის ბოლომდე ხელმისაწვდომი იქნება აბი, რომლითაც COVID-19-ის მკურნალობა სახლის პირობებში, სიმპტომების გამოვლენისთანავე შეგვეძლება. მისივე განცხადებით, ანტივირუსული პრეპარატი სავარაუდოდ ეფექტიანი იქნება ვირუსის სხვადასხვა შტამის წინააღმდეგ.

Telegraph-ის კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატის მოხალისეებზე ცდები აშშ-სა და ბელგიაში, ბურლამ განაცხადა, რომ დიახ, Pfizer-ის ასეთ პრეპარატზე მუშაობს.

Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი იქვე განმარტავს, რომ კომპანია ორ ანტივირუსულ პრეპარატს ტესტავს. ერთი მათგანი შიდავენური ინიექციის სახით მიიღება, მეორე კი ორალურად – აბების სახით.

მისივე განცხადებით, Pfizer-ი უფრო ფოკუსირებულია ორალურ ვარიანტზე, რადგან მას რამდენიმე უპირატესობა აქვს, მთავარი სარგებელი კი ის არის, რომ მის მისაღებად საჭირო არ იქნება საავადმყოფოში ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა.

ბურლა დარწმუნებულია, რომ SARS-CoV-2-ის (COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი) საწინააღმდეგო ორალური პრეპარატი, რომლის მიღებაც სახლის პირობებში იქნება შესაძლებელი, „თამაშის წესებს“ შეცვლის.

შეკითხვაზე, როდის უნდა ველოდოთ ამ აბების კლინიკური ცდების III ფაზის დასრულებას და ავტორიზაციას, ბურლა პასუხობს, რომ თუ ყველაფერი კარგად წავიდა, იმედოვნებს, რომ ეს წლის ბოლომდე მოხდება. მისივე ცნობით, კომპანია დეტალურ მონაცემებს ზაფხულში გამოაქვეყნებს.

მარტის ბოლოს Pfizer-მა განაცხადა, რომ დაიწყო პრეპარატ PF-07321332-ის კლინიკური ცდების I ფაზა. მის ეფექტიანობას განაპირობებს პრეპარატში შემავალი პროტეაზის ინჰიბიტორები, რომლებიც ვირუსულ ფერმენტებს ბოჭავს და ვირუსს უჯრედში გამრავლების საშუალებას არ აძლევს.

„COVID-19-ის პანდემიის დამარცხებისთვის საჭიროა როგორც ვაქცინებით პრევენცია, ისე უკვე დაავადებულ ადამიანთა მიზნობრივი მკურნალობა. ვინაიდან SARS-CoV-2 მუტაციებს განიცდის და კვლავ გლობალურ საფრთხედ რჩება, როგორც ჩანს, პანდემიის დროსაც და მის შემდეგაც, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება პრეპარატიც“, — წერს Pfizer-ი პრესრელიზში.

აღსანიშნავია, რომ Pfizer-ის პროტეაზის ინჰიბიტორებმა უკვე დაამტკიცა ეფექტიანობა ისეთი პათოგენების წინააღმდეგ, როგორებიც არის აივ-ინფექცია და C ჰეპატიტი.

ინტერვიუში ბურლა ვაქცინებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, ღარიბ ქვეყნებს ვაქცინებზე წვდომა ჰქონდეთ, რადგან პანდემიის დროს, „შენც ისევე ხარ დაცული, როგორც შენი მეზობელი“. მისივე განცხადებით, წელს Pfizer-ი სულ მცირე 2,5 მილიარდ დოზა ვაქცინას გამოუშვებს.

მომზადებულია forbes.com-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი