პეტრო პოროშენკომ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის შექმნის შესახებ განაცხადა
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის შექმნის შესახებ განაცხადა. განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა კიევში, წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარში გამართული გამაერთიანებელი კრების შემდეგ მოსახლეობისადმი მიმართვისას გააკეთა. მისი თქმით, დღეს უკრაინამ რუსეთისგან დამოუკიდებლობა საბოლოოდ მოიპოვა.
„რა ეკლესიაა ეს? ეს არის ეკლესია პუტინისა და კირილეს გარეშე. ეს არის ეკლესია რუსეთის ხელისუფლებისა და რუსეთის ჯარისთვის ლოცვის გარეშე, რადგან რუსეთის ხელისუფლება და რუსეთის ჯარები კლავენ უკრაინელებს. მაგრამ ეს არის ეკლესია ღმერთით, ეკლესია უკრაინით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამავე დროს, პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ მსოფლიოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს 2019 წლის იანვრის დასაწყისში გამოსცემს.
უკრაინაში ეკლესიების გამაერთიანებელ კრებაზე უკრაინული ეკლესიის წინამძღოლად კიევის პატრიარქის მონაცვლე, ეპიფანე აირჩიეს.
„სწორედ მიტროპოლიტ ეპიფანეს ხვდა წილად საპატიო მისია, უკრაინის პრეზიდენტთა ერთად გაემგზავროს კონსტანტინეპოლში იანვრის დასაწყისში და მიიღოს ტომოსი, რომელსაც დიდი ხანია, ველოდებით“, – განაცხადა პოროშენკომ.
უკრაინული მედიის ცნობით, გამაერთიანებელ დახურულ კრებას 192 ადამიანი დაესწრო. წმინდა სოფიას ტაძრის გარეთ კი ათასობით პირი იყო შეკრებილი.