პეტრო პოროშენკომ რუსეთთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაწყვეტას ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ რუსეთთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაწყვეტის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტის მოქმედების გაწყვეტა უნდა განიხილებოდეს არა როგორც ეპიზოდი, არამედ როგორ უკრაინის სტრატეგიის ნაწილი, რომელიც მიმართულია კოლონიალურ წარსულთან კავშირის საბოლოოდ გაწყვეტისა და ევროპისკენ ორიენტაციის აღებისკენ.
უკრაინამ რუსეთთან მეგობრობის შესახებ შეთანხმების მოქმედება 2019 წლის 1-ელ აპრილს შეაჩერა. უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია აღნიშნული შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს.
რუსეთთან მეგობრობის შესახებ შეთანხმების გაწყვეტის შესახებ კანონს უკრაინის უმაღლესმა რადამ 6 დეკემბერს დაუჭირა მხარი.
უკრაინამ და რუსეთმა მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორების შესახებ შეთანხმებას 1997 წლის 31 მაისს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას ითვალისწინებს.