პეტრე ცისკარიშვილი - მივესალმები ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, დაინიშნოს არჩევნები, ჩემი კანდიდატურის დაყენებას არ ვაპირებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სხვა ადამიანები გამოჩნდებიან
პეტრე ცისკარიშვილი - მივესალმები ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, დაინიშნოს არჩევნები, ჩემი კანდიდატურის დაყენებას არ ვაპირებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სხვა ადამიანები გამოჩნდებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარის ახალ არჩევნებთან დაკავშირებით საკრებულოს დეპუტატების ინიციატივა გასათვალისწინებელია.

ცისკარიშვილის თქმით, სამომავლო არჩევნებზე პარტიის შიგნითაც იყო საუბარი.

„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ჩვენი პარტიის ფუნდამენტი, ფესვები არიან ის ადამიანები, რომლებმაც გუშინ გაახმოვანეს ეს ინიციატივა, მე აბსოლუტურად მხარს ვუჭერ, ვემხრომი და სხვანაირად არც წარმომიდგენია. პარტიის შიგნითაც ბოლო პერიოდში ცხადია, იყო საუბრები სამომავლო არჩევნებზე. პოლიტსაბჭოს ისედაც უწევს ყველა დონეზე არჩევნების ჩატარება, როგორც სამდივნოსთან დაკავშირებული, ასევე პარტიის თავჯდომარის არჩევნები. მარტის თვეში უფლებამოსილების ვადა ეწურება და ცხადია ისედაც უწევს არჩევნები, მოგვიწევს პოლიტსაბჭოს ხელახლა დაკომპლექტება, ყრილობის ჩატარება. ამაზე ყველაფერზე იყო საუბარი, მაგრამ რომც არ ყოფილიყო, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი საკრებულოს დეპუტატები მთელი საქართველოდან ასახელებენ ასეთ ინიციატივას, უბრალოდ უფლება არ გვაქვს, ყური არ დავუგდოთ და არ გავითვალისწინოთ მათი აზრი“, – აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.

ამავდროუალად, ცისკარიშვილის განმარტებით, მიესალმება, რომ ნიკა მელიამ მიიღო გადაწყვეტილება, არჩევნები დაინიშნოს.

„იმასაც მივესალმები, რომ თავმჯდომარემ მიიღო ეს გამოწვევა, გადაწყვეტილება, არჩევნები დაინიშნოს. ისიც თქვა, რომ თვითონ ხელახლა იასპარეზებს ამ არჩევნებში, თავმჯდომარის პოსტზე. დაველოდოთ, ვინ იქნებიან სხვა კანდიდატურები“, –  განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ თავად არ აპირებს საკუთარი კანდიდატურის დაყენებას, თუმცა დარწმუნებულია, სხვა ადამიანები გამოჩნდებიან.

„სხვა ადამიანებთან დაკავშირებით სამწუხაროდ, ვერ მოგახსენებთ, თვითონ უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება, მათ მაგივრად ხომ არ დავასახელებ კანდიდატურებს. ყველა ეს ადამიანი არის ჩვენი თანამებრძოლი, მეგობარი. ყველას წლების განმავლობაში გვაქვს ურთიერთობა, დანარჩენი დამოკიდებული იქნება ამ კანდიდატურების გეგმებზე, პროგრამებზე, რა ხედვები აქვთ პარტიის გაძლიერებასთან დაკავშირებით, როგორ წარმოუდგენიათ ჩვენი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის საპყრობილედან გამოხსნა, დამატებით რა ნაბიჯები შეიძლება, გადაიდგას. ამ საკითხებზე მოვუსმენთ სამომავლო კანდიდატებს და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გუშინ საღამოს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მზად არის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

მისივე თქმით, დეტალებზე, როგორ და რა ფორმით უნდა ჩატარდეს არჩევნები, პარტია იმსჯელებს „მათ შორის იმ ადამიანების მონაწილეობით, რომლებმაც გააკეთეს ნაჩქარევი განცხადება“.

მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად ითხოვენ, პარტიაში თავმჯდომარის ახალი არჩევნები ჩატარდეს.