20 000-ზე მეტმა ფანმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომელიც „ფერარისგან“ კიმი რაიკონენის შენარჩუნებას ითხოვს. ფინელ პილოტს გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება, ხელმძვანელობას კი მისი შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს.
გავრცელებული ინფორმაციით, 38 წლის რაიკონენს ახალგაზრდა შარლს ლეკლერი შეცვლის, რომლის დებიუტიც „ზაუბერში“ წელს შედგა.
„რაიკონენის გუნდიდან გაშვება დიდი უსამართლობაა“ – ნათქვამია პეტიციაში. „ის შესანიშნავი პარტნიორია სებასტიან ფეტელისათვის და მის ასპარეზობასაც უკეთესს ხდის. ფინელი ამ ეტაპზე შესანიშნავ ფორმაშია, რაც იტალიის გრან-პრიზე კიდევ ერთხელ დაამტკიცა.“
რაიკონენმა ცოტა ხნის წინ მონცაში რეკორდი დაამყარა. კვალიფიკაციაზე მან ერთ წრეზე ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.
რამდენად იმოქმედებს პეტიცია „ფერარის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე მალე გახდება ცნობილი. თუმცა სოლიდური ავტოგამოცემები წერენ, რომ მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია და ახლა მხოლოდ ოფიციალურ განცხადებას ელოდებიან.
კიმი რაიკონენი ფორმულა 1-ის ყველაზე ხანდაზმული პილოტია. ის „ფერარის“ გუნდის ბოლო წევრია, რომელმაც ჩემპიონატის მოგება შეძლო (2007).