პერუს ყოფილ პრეზიდენტ პედრო პაბლო კუჩინსკის სამწლიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ლიმას სასამართლომ მიიღო. პედრო პაბლო კუჩინსკის, რომელიც ქვეყანას 2016-2018 წლებში მართავდა, კორუფციასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ.
ამ ხნის განმავლობაში გამომძიებლები ყოფილი პრეზიდენტის გარშემო აგორებულ სკანდალს შეისწავლიან. საქმე ეხება ბრაზილიურ კომპანია „ოდერბეხტთან“ დაკავშირებით არსებულ კორუფციულ სკანდალს, რომელშიც პედრო პაბლო კუჩინსკისთან ერთად ლათინური ამერიკის ქვეყნების სხვა ლიდერები, მათ შორის პერუს სხვა პრეზიდენტებიც არიან გარეულნი.
80 წლის პოლიტიკოსს აღნიშნული კომპანიის საშუალებით ფულის გათეთრებაში სდებენ ბრალს. პედრო პაბლო კუჩინსკიმ პრეზიდენტის პოსტი მის გარშემო აგორებული სკანდალის შემდეგ დატოვა. ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებას დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდა, თუმცა 2017 წელს აღიარა, რომ დახმარების სანაცვლოდ ბრაზილიური კონცერნისგან თანხას იღებდა.