პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს რეკომენდაციებს აცნობს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს რეკომენდაციებს აცნობს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს პაციენტების პერსონალური მონაცემების დაცვის აუცილებლობის შესახებ რეკომენდაციებს აცნობს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლის, ოთარ ჩახუნაშვილის განცხადებით, რეკომენდაციების მიზანია, ჩამოყალიბდეს დაბალანსებული მიდგომა, ერთი მხრივ, ადამიანის პირადი ცხოვრების პატივისცემისა და პერსონალური მონაცემების დაცვის, ხოლო მეორე მხრივ, ჯანდაცვის სისტემის გამართული ფუნქციონირების ხელშესაწყობად.

მისივე თქმით, ხშირია პერსონალურ მონაცემთა გაცემის ან მოპოვებისას დარღვევის შემთხვევები, რის გამოც ინსპექტორს ამ დროისთვის უკვე არაერთი დარღვევა აქვს დაფიქსირებული.

„შემუშავდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ რეკომენდაცია, სადაც გაწერილია ის სპეციფიკური თავისებურებები, რაც ახლავს პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხებს. რეკომენდაციები მოიცავს საკითხებს, დაწყებული პაციენტის მიღებიდან მისი მკურნალობის დროს სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების პროცესზე. ამასთანავე მონაცემთა გამჟღავნებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და და ბევრ სხვა მნიშვნელოვან დეტალზე, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებმა უნდა გაითვალისწინონ“, –
აცხადებს ოთარ ჩახუნაშვილი.

პერსონალურ მონაცემთა დაცვა ევროკავშირისა და გაერო-ს ერთობლივი ინიციატივის, „ადამიანის უფლებები ყველასთვის” ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ შემუშავდა სამწლიანი პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას.