პეკინის გამზირზე დაშავებულ ბავშვს ოპერაციისთვის ამზადებენ
პეკინის გამზირზე დაშავებულ ბავშვს ოპერაციისთვის ამზადებენ

პეკინის გამზირზე დაშავებულ მცირეწლოვანს ოპერაციისთვის ამზადებენ. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

როგორც ჟვანიას კლინიკის ექიმი ნათია ვასაძე აცხადებს, ბავშვს შუბლის არეში აღენიშნება ღრმა ჭრილობები.

„ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. პაციენტი კონტაქტურია. მას აღენიშნება ღრმა ნაკვეთი ჭრილობები შუბლის მიდამოში. საჭიროებს ჭრილობების პირველად ქირურგიულ დამუშავებას და გაკერვას. ამჟამად, მიმდინარეობს მზადება ოპერაციული ჩარევისთვის.  დარჩება სტაციონარში, სანამ მისი ზოგადი მდგომარეობა არ იქნება დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა ექიმმა, ნათია ვასაძემ.

თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი ქალი იყო და ის ადგილიდან მიიმალა. ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ, წინასწარი შეცნობით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.