პეკინი 2022 | ნინო წიკლაური - მწვრთნელები კმაყოფილები არიან და იმედია, ქართველი გულშემატკივარიც კმაყოფილია #1TVSPORT
გადაცემა „ტაიმაუტის“ პირდაპირ ეთერში პეკინის ოლიმპიადიდან სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაური ჩაერთო, რომელმაც სპორტის ამ სახეობაში ქართველ ოლიმპიელებს შორის დღეს საუკეთესო შეედეგი აჩვენა.
ოლიმპიადის ოთხგზის მონაწილემ, გამოცდილმა ქართველმა სპორტსმენმა გადაცემის წამყვანის, გიორგი თვალაბეიშვილის შეკითხვებს უპასუხა და ზამთრის მიმდინარე ოლიმპიური თამაშების შესახებ ისაუბრა.
ნინო წიკლაური: „რაც შეეხება დღევანდელ დღეს. საკუთარი შედეგით დავიწყებ. ჯამში 34-ე ადგილი ჩემთვის კარგია, წინა შედეგები გავაუმჯობესე. პირველ ცდაში საკმაოდ ნორმალურად ვისრიალე, მეორე ცდით კი კმაყოფილი არ ვარ, რთულად დავიწყე. პირველად იყო ჩემს კარიერაში, როცა ვნახე, როგორ წაიქცა ამდენი გოგო იმ ტრასაზე, რომელზეც მე უნდა ჩავსულიყავი. ამან ძალიან იმოქმედა. მეორე ცდაში თავდაზღვევით ვისრიალე, მაგრამ მაინც საკმაოდ ნორმალური შედეგი ვაჩვენე, თან ტრავმების გამო რთული სეზონი მქონდა. რაც შემეძლო, ის გავაკეთე. მწვრთნელები კმაყოფილები არიან და იმედია, ქართველი გულშემატკივარიც კმაყოფილია.
დიდი იმედი მაქვს, რომ სპეციალურ სლალომშიც გავაუმჯობესებ საკუთარ შედეგს. თუმცა წელს ტრავმებიდან გამომდინარე მხოლოდ ოთხი დღე ვივარჯიშე სლალომში. ხვალ მაქვს თავისუფალი სრიალი ტრასაზე, შემდეგ მექნება ოფიციალური ვარჯიში და დიდი იმედია, რომ რიტმის აღდგენას მოვახერხებ და ზეგ კი ჩემი წინა შედეგების გაუმჯობესებას შევძლებ.“
ნინო წიკლაურმა, რომელიც საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მედროშე იყო, პეკინის ზამთრის ოლიმპიადის საზეიმო გახსნასა და საკუთარ ემოციებზეც ისაუბრა:
„მედროშე უკვე მეორედ ვიყავი, ამჯერად, მორის ყვითელაშვილთან ერთად. ეს, რა თქმა უნდა, საოცრად ემოციურია. ძალიან დიდი პატივია და პასუხისმგებლობა. არ ვიცი, სიტყვებით როგორ უნდა ავხსნა, ის რასაც განვიცდი. გახსნის ცერემონია ძალიან ლამაზი იყო და წინა ოლიმპიადისგან განსხვავებით მახსოვს, როგორ დავარტყი წრე“ .