გათავისუფლებული ამერიკელი პასტორი ენდრიუ ბრენსონი სამშობლოში ბრუნდება. მან თურქეთი უკვე დატოვა. სამხედრო თვითმფრინავით ის გერმანიაში, ამერიკის შეერთებული შტატების ავიაბაზა რამშტაინში ჩავა, სამედიცინო შემოწმების შემდეგ კი, სამშობლოში დაბრუნდება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ედნრიუ ბრენსონს ოვალურ კაბინეტში მიიღებს.
12 ოქტომბერს იზმირის სასამართლომ ამერიკელ პასტორს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მოსამართლემ ენდრიუ ბრენსონის მიერ ციხეში და შინაპატიმრობაში გატარებული ორი წელი პატიმრობის ვადად ჩათვალა და სამაგალითო ქცევის გათვალისწინებით, გაათავისუფლა.
ამერიკელი პასტორი თურქეთში 2016 წელს დააკავეს. მას ტერორისტული დაჯგუფების დაფინანსებასა და შპიონაჟში ადანაშაულებდნენ. კერძოდ, მას აშშ-ში მცხოვრებ თურქ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენთან, ასევე „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ თანამშრომლობაში სდებდნენ ბრალს. ამერიკელი პასტორი ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა.
ენდრიუ ბრენსონის საქმის გამო ვაშინგტონსა და ანკარას შორის ბოლო თვეებში ურთიერთობა საკმაოდ დაიძაბა. ოფიციალური ვაშინგტონი ამერიკელი სასულიერო პირის გათავისუფლებას ითხოვდა. ოფიციალურ ანკარას კი მის სანაცვლოდ აშშ-ში მცხოვრები თურქი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ექსტრადირება სურდა. მას თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში სდებენ ბრალს. დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთის რამდენიმე მინისტრი შავ სიაში შეიყვანა. ამასთან, ქვეყანას ალუმინსა და ფოლადზე ტარიფები გაუზარდა. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ თურქული ლირის გაუფასურება სწორედ ვაშინგტონის მიერ დაწესებულ ტარიფებს უკავშირდება.