პატიმრობაში მყოფმა სამხრეთ კორეის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, კიმ იონ-ჰიუნმა თვითმკვლელობა სცადა
პატიმრობაში მყოფმა სამხრეთ კორეის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, კიმ იონ-ჰიუნმა თვითმკვლელობა სცადა

პატიმრობაში მყოფმა სამხრეთ კორეის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, კიმ იონ-ჰიუნმა თვითმკვლელობა სცადა. ინფორმაციას ამის შესახებ კორეული მედია ავრცელებს.

კორეის სასჯელაღსრულების სამსახურის გენერალურმა კომისარმა, შინ იონ-ჰაემ აღნიშნა, რომ შემთხვევა აბაზანაში მოხდა. როდესაც ოფიცერმა აბაზანის კარი გააღო, კიმმა უარი თქვა მცდელობაზე. მედიის ცნობით, სამხრეთ კორეის თავდაცვის ყოფილი მინისტრი გადაყვანილია იზოლირებულ ოთახში და ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს.

კიმ იონ-ჰიუნი 8 დეკემბერს დედაქალაქ სეულში დააკავეს, რითიც ამ საქმეზე დაკავებული პირველი ფიგურა გახდა. ყოფილმა მინისტრმა, სავარაუდოდ, საომარი მდგომარეობის დაწესების რეკომენდაცია გასცა და თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ასევე დაკავებულია სამხრეთ კორეის ეროვნული პოლიციის უფროსი და დედაქალაქ სეულის პოლიციის უფროსი ოფიცერი.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეის პოლიციამ დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში ჩხრეკა ჩაატარა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, იუნ სუკ იოლს აკრძალული აქვს ქვეყნის დატოვება.

ცნობისთვის, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო საომარი მდგომარეობა 3 დეკემბერს გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ამის საშუალებით თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანას აღადგენს. სამხრეთ კორეაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი პოლიციამ დაბლოკა, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. 4 დეკემბერს სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სოკის კაბინეტმა საგანგებო საომარი მდგომარეობა გააუქმა. ამასთან, 10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქმეს სპეციალური პროკურორი გამოიძიებს. ხანმოკლე საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო თანამდებობიდან გადადგნენ სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან დაახლოებული პირები.