სამხრეთ კორეაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი პოლიციამ დაბლოკა, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა [ვიდეო]

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის მთავარმა ოპოზიციურმა „დემოკრატიულმა პარტიამ“ თანაპარტიელ დეპუტატებს მოუწოდა, ეროვნულ ასამბლეაში შეიკრიბონ, რათა პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააუქმონ. საომარი მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით გამოვიდა პარტია „ხალხის ძალის“ ლიდერი ჰან დონგ-ჰუნიც.

საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი პოლიციამ დაბლოკა. სამართალდამცველებსა და იქ შეკრებილ დემონსტრანტებს შორის შეტაკებაც მოხდა. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო თათბირი მოიწვია.

სამხრეთ კორეის კანონმდებლობით, მთავრობამ საომარი მდგომარეობა უნდა გააუქმოს, თუ ამას ეროვნული ასამბლეის წევრების უმრავლესობა მოითხოვს. ეს კანონი ასევე კრძალავს დეპუტატების დაპატიმრებას.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა დღეს გამოაცხადა. თავის მიმართვაში ის ოპოზიციას სახელმწიფოს პარალიზების მცდელობაში სდებს ბრალს. მისი თქმით, ოპოზიცია იმპიჩმენტით 22 მაღალჩინოსანს ემუქრება. მათ შორს პროკურორებს, შინაგან საქმეთა მინისტრს და თავდაცვის მინისტრს.

„იმპიჩმენტი არასახელმწიფოებრივი აქტია, რომელიც ანადგურებს ლეგიტიმურ სახელმწიფო ინსტიტუტებს და წარმოადგენს სამოქალაქო ომის პროვოცირების მცდელობას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.