სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქმეს სპეციალური პროკურორი გამოიძიებს
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქმეს სპეციალური პროკურორი გამოიძიებს

სამხრეთ კორეის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი ქვეყნის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის საქმეზე სპეციალური პროკურორის დანიშვნის შესახებ. კანონპროექტს 287 დეპუტატიდან, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ, 210-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 63 წინააღმდეგი იყო, ხოლო 14-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.

სპეციალური პროკურორი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადების საქმეს გამოიძიებს. სამხრეთ კორეის მედიის ცნობით, კანონპროექტი ითხოვს სპეციალური პროკურორის დანიშვნას, რათა „საომარი მდგომარეობის არაკონსტიტუციური გამოცხადების გზით შიდა ამბოხების შესახებ სიმართლე დადგინდეს“.

იუნ სუკ იოლი ასევე გახდა სამხრეთ კორეის პირველი მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც ბრალდება წაუყენეს ღალატში, ისევე როგორც დაუწესეს მოგზაურობის აკრძალვა. გამოძიების ფარგლებში პოლიციამ დაკითხვაზე დაიბარა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ჰან დაკ-სუ და მისი რამდენიმე კოლეგა. პოლიციამ ასევე დაკითხვაზე დაიბარა ეროვნული დაზვერვის სამსახურის უფროსი, რათა გამოიძიოს კაბინეტის სხდომის დეტალები, რომელიც გაიმართა იქამდე, ვიდრე იუნმა 3 დეკემბრის ღამეს საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია სამხრეთ კორეის ყოფილი თავდაცვის მინისტრი კიმ იონ-ჰიუნი. გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტია განიხილავს სხვადასხვა სცენარს, მათ შორის, პრეზიდენტის გადადგომას მომავალი წლის აპრილის ბოლომდე, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს შეწყვეტილი საომარი მდგომარეობის შედეგები.