პასკალ მენიე - გვინდა, ქერჩის სრუტეში მომხდარზე დისკუსიები გაერო-ს ფორმატში გაგრძელდეს
პასკალ მენიე - გვინდა, ქერჩის სრუტეში მომხდარზე დისკუსიები გაერო-ს ფორმატში გაგრძელდეს

ქერჩის სრუტეში მომხდარი საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთების საგანია, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიე​მ განაცხადა.

მისი თქმით, ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთება საფრანგეთმაც გამოთქვა.

„ქერჩის სრუტეში მომხდარი საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთების საგანია. გაერო-ს უშიშროების საბჭო იმსჯელებს ამ თემაზე. ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთება საფრანგეთმაც გამოთქვა და გვინდა, მომხდარზე ყველანაირი ინფორმაცია ცხადი იყოს და ასევე, გვინდა, დისკუსიები გაერო-ს ფორმატში გაგრძელდეს“, – განაცხადა პასკალ მენიემ.

რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. რეჟიმი 26 ნოემბრის 15:00 საათიდან, 2019 წლის 25 იანვრის 15:00 საათამდე გაგრძელდება.