პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევის საკითხზე იმსჯელებენ
საქართველოს პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომა გაიმართება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინფორმაციით, სხდომაზე მთავარ საკითხად საქართველოს პარლამენტიდან კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის უკან გაწვევის საკითხს განიხილავენ.
როგორც საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა პირველ არხთან განაცხადა, სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ კიდევ რამდენიმე საკითხს განიხილავენ, მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებებს, გზების კეთილმოწყობის სამუშაოებს და სახელწიფო ბიუჯეტის კანონში შესატან ცვლილებებს.
„დღევანდელ სხდომაზე განვიხილავთ საკითხებს, რომელიც წინა კვირაში ვერ განვიხილეთ. მათ შორის არის საერთაშორისო ხელშეკრულებები, გზების კეთილმოწყობის გაუმჯობესება, ასევე მთავარი საკითხი იქნება მარიხუანას კანონპროექტის უკან გამოწვევის საკითხი, რასაც საქართველოს მთავრობა დააყენებს. ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში შესატან ცვლილებებზე ვისაუბრებთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.