პარლამენტი „პატრიოტთა ალიანსის“ სიის სამი წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე დღეს იმსჯელებს
პარლამენტი „პატრიოტთა ალიანსის“ სიის სამი წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე დღეს იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტი „პატრიოტთა ალიანსის“ სიის სამი წევრის, დავით ზილფიმიანის, გელა მიქაძისა და ფრიდონ ინჯიას სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე დღეს იმსჯელებს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უკვე მიმართა.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ცესკო-ს მიერ წარდგენილ დოკუმენტებს დღეს დილით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს და იმ შემთხვევაში, თუ მასალები შესაბამისობაში იქნება, ინფორმაციას ბიუროს წარუდგენს, დღის ბოლოს კი სავარაუდოდ მოხდება დეპუტატობის სამი კანდიდატის უფლებამოსილების ცნობა.

დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ პარლამენტარის მანდატის გამოყენების თხოვნით ცესკო-ს გუშინ მიმართეს.

„პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო არჩევნებზე ოთხი მანდატი მიიღო. ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს. მათ სადეპუტატო უფლებამოსილება გუშინ შეუწყდათ. რაც შეეხება პარტიის მიერ მოპოვებულ მეოთხე მანდატს, „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს სადეპუტატო უფლებოსილებაზე უარის თქმას და პარლამენტში შესვლას გეგმავს.

დატოვე კომენტარი