პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი სრულად ჩააქრეს
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი სრულად ჩააქრეს

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი სრულად ჩამქრალია.

პარიზის სახანძრო კორპუსის ოფიციალური წარმომადგენლის, გაბრიელ პლიუსის განცხადებით, მეხანძრეები ადგილზე მთელი დღის განმავლობაში დარჩებიან.

ხანძრის დროს ორი პოლიციელი და ერთი მეხანძრე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარიზის სახანძრო სამსახური, სოციალურ ქსელ „თვითერში“ ავრცელებს.

ცხრასაათიანი მძვინვარე ბრძოლის შემდეგ, 400-მა პარიზელმა მეხანძრემ, საშინელი ხანძარი დაამარცხა. ორი პოლიციელი და მეხანძრე დაშავდა“, – აღნიშნულია განცხადებაში. პარიზის მერი, ან იდალგო ტაძრის აღდგენის მიზნით დონორთა კონფერენციის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.

ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი თავიდან არის აცილებული და ტაძრის აღსადგენად საჭირო თანხის შესაგროვებლად საერთაშორისო კამპანიის დაწყება დააანონსა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა იუნესკო-მ.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.