პარალიმპიადა 2020 | ნინო თიბილაშვილი ფინალშია, ირმა ხეცურიანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე შესანიშნავად ასპარეზობენ საქართველოს ნაკრების ეტლით მოფარიკავეები – ირმა ხეცურიანი და ნინო თიბილაშვილი. ხმლით ფარიკაობის ინდივიდუალურ პირველობაში ქართველი პარალიმპიელები ნახევარფინალში გავიდნენ.
ნინო თიბილაშვილს გზა ნახევარფინალამდე რთულ და დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. ქართველ სპორტსმენს ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში კი რიოს პარალიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატების ცხრაგზის მედალისტი უკრაინელი ევგენია ბრიუსი დაუპირისპირდა. ნინო თიბილაშვილმა ძლიერი და გამოცდილი მეტოქის დამარცხება მოახერხა და ანგარიშით – 15:12 გაიმარჯვა.
ფინალში ნინო თიბილაშვილი ჩინელ სპორტსმენს ბიან ჟინგს თბილისის დროით 13:30 საათზე შეხვდება.
მეოთხედფინალში ხეცურიანმა იტალიელი როსანა პასკინოსი რთულ ბრძოლაში დაამარცხა – 15:14.
ნახევარფინალში კი ირმა ხეცურიანის მეტოქე ძალიან გამოცდილი მეტოქე, ჩინელი შუმეი ტანი იყო, რომელიც მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია. სამწუხაროდ, ხეცურიანმა უძლიერესი მეტოქის ბარიერი ვეღარ დაძლია და ანგარიშით – 8:15 დამარცხდა. ჩვენი სპორტსმენი ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძობს, შეხვედრა თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება და მისი მეტოქე ჩინელი პარამოფარიკავე შაო რონგი იქნება.