პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას დაშავებულთა შორის სამი პოლიციელია
პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას დაშავებულთა შორის სამი პოლიციელია

პანკისი ხეობაში სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირებისას დაშავებულთა შორის სამი პოლიციელია, რომლებიც თელავის საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, პოლიციელებს დაზიანებები სახისა და მუხლის არეში აღენიშნებათ.

„თელავის რეფერალური საავადმყოფოში შემოყვანილია სამი დაშავებული პოლიციელი, რომელთაც დაზიანებები სახისა და მუხლის არეში აღენიშნებათ“,- განაცხადა ჭონიაშვილმა.

ამასთან, დაპირისპირებისას დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე, რომელთაც დახმარება ადგილზე გაეწიათ.

პანკისის ხეობაში ამ წუთებში სიმშვიდეა. აქციის მონაწილეთა ნაწილი თელავში მოლაპარაკებებს გამართავს. მოლაპარაკებათა მაგიდაზე ისინი შს მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძემ მიიწვია.

ადგილზე რჩებიან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. ასევე აქციის მონაწილეები. ჰესის სამშენებლო სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის ხელის შეშლა სცადა ადგილობრივმა მოსახლეობამ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა.  ადგილობრივები აცხადებენ, რომ სპეცრაზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.