პაატა მანჯგალაძე - კუდის ქიცინის პოლიტიკას კარგი არაფერი მოაქვს, ვინმე თუ ფიქრობს, რომ სიჩუმით რაიმეს მივაღწევთ, სასარგებლო იდიოტი ან მიზანმიმართული მოღალატეა
პაატა მანჯგალაძე - კუდის ქიცინის პოლიტიკას კარგი არაფერი მოაქვს, ვინმე თუ ფიქრობს, რომ სიჩუმით რაიმეს მივაღწევთ, სასარგებლო იდიოტი ან მიზანმიმართული მოღალატეა

კუდის ქიცინისა და ჩირგვებში ჯდომის პოლიტიკას კარგი არაფერი მოაქვს, ვინმე თუ ფიქრობს, რომ სიჩუმით რაიმეს მივაღწევთ, სასარგებლო იდიოტია ან ქვეყნის მიზანმიმართული მოღალატე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სამხედრო გზით ტერიტორიების დაბრუნება უნდა გამოირიცხოს, მაგრამ თუ დადგება მომენტი, რომ რუსეთი არ კმაყოფილდება უკვე მიტაცებული ტერიტორიით, საქართველომ თავდაცვაზე უნდა იფიქროს.

„კუდის ქიცინისა და ჩირგვებში ჯდომის პოლიტიკას კარგი არაფერი მოაქვს, რადგან რუსეთს დაუცველი ერების ჩაგვრა ახასიათებს. მზად ვართ, ხელისუფლებას ყველა სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმის თვალსაზრისით გვედით დავუდგეთ. ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ცხინვალის საკითხი. ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შედარებით ადეკვატურ განცხადებებს გენერალი ჩაჩიბაია აკეთებს, რომლისგანაც უნდა მოვისმინოთ, რა შეიძლება გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ. რა თქმა უნდა, ტერიტორიების დაბრუნება სამხედრო გზით უნდა გამოვრიცხოთ, მაგრამ თუ დადგება მომენტი, რომ რუსეთი არ კმაყოფილდება უკვე მიტაცებული ტერიტორიით, საქართველომ თავდაცვაზე უნდა იფიქროს.

აშშ-მ მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და სამი სახელმწიფოს – რუსეთის, ნიკარაგუისა და ეგზოტიკური სახელმწიფოების გარდა, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში ყველა მხარს უჭერს. ახლა ქართულმა ხელისუფლებამ​ საერთაშორისო აზრის მობილიზება უნდა შეძლოს, რადგან სიჩუმე არ არის გამოსავალი. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სიჩუმით რამეს მივაღწევთ, სასარგებლო იდიოტია, ან საკუთარი ქვეყნის მიზანმიმართული მოღალატე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ „რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს“.

ამასთან, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე რეფერენდუმი 10 აპრილის შემდეგ გაიმართება“.