პაატა მანჯგალაძე - დეოლიგარქიზაციის ნებისმიერ კანონს ექნება აღსრულების პრობლემა, ამიტომ შევთანხმდით, რომ 11 რეკომენდაციის შესრულების შემთხვევაში, „ოცნებას“ ეს დეოლიგარქიზაციისკენ ნაბიჯად ჩავუთვალოთ
პაატა მანჯგალაძე - დეოლიგარქიზაციის ნებისმიერ კანონს ექნება აღსრულების პრობლემა, ამიტომ შევთანხმდით, რომ 11 რეკომენდაციის შესრულების შემთხვევაში, „ოცნებას“ ეს დეოლიგარქიზაციისკენ ნაბიჯად ჩავუთვალოთ

ოლიგარქია სამივე შტოს როცაა დაპატრონებული, აღსრულების პრობლემა შეექმნება ნებისმიერ კანონს. ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციურ პარტიებთან შევთანხმდით, რომ „ქართული ოცნება“ ევროპული სტანდარტის შესაბამისად თუ შეასრულებს 11 რეკომენდაციას, ეს ჩავუთვალოთ დეოლიგარქიზაციისკენ ნაბიჯის გადადგმად, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის შესახებ ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოამზადა, მანჯგალაძის თქმით, თუ კრიტერიუმია ფულის ფლობასთან ერთად ოლიგარქთან დაკავშირებული პირების მიერ ხელისუფლებაზე გავლენა, ეს ნორმა პრინციპულად განსხვავებულია „ქართული ოცნების“ ვერსიისგან.

მანჯგალაძის განმარტებით, კანონპროექტს მხარი რომ დაუჭიროს, უნდა სჯეროდეს, რომ აღსრულების პრობლემა არ შეიქმნება.

„ვინაიდან ხელისუფლების სამივე შტო ოლიგარქის მიერ არის უზურპირებული, ვერ დავწერდით ისეთ კანონს, რომელზეც ხელისუფლებას ინტერპრეტაციის შესაძლებლობა არ ექნებოდა. როცა ოლიგარქია სამივე შტოსაა დაპატრონებული, აღსრულების პრობლემა შეექმნება ნებისმიერ კანონს. ამიტომ შევთანხმდით, რომ თუ „ქართული ოცნება“ 11 რეკომენდაციას ევროპული სტანდარტის შესაბამისად შეასრულებს, ეს ჩავუთვალოთ დეოლიგარქიზაციისკენ ნაბიჯის გადადგმად. თუ კრიტერიუმია ფულის ფლობასთან ერთად ოლიგარქთან დაკავშირებული პირების მიერ ხელისუფლებაზე გავლენა, ეს ნორმა პრინციპულად განსხვავებულია „ქართული ოცნების“ ვერსიისგან, რადგან ოლიგარქიის მთავარი ნიშანია ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების შესაძლებლობა. ზემოქმედება ხდება მასთან დაკავშირებული პირებით ან ჭარბი რესურსით. თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს ნორმები აქვს შეტანილი, ვიმსჯელებთ, ცვლილებები ჯერ არ მინახავს. კანონპროექტს მხარი რომ დავუჭირო, უნდა მჯეროდეს, რომ აღსრულებას პრობლემა არ შეექმნება და მორგება არ იქნება კონკრეტულ ადამიანებზე. ერთი შტო მაინც რომ იყოს, რომელზეც ოლიგარქია ვერ ვრცელდება, ცვლილებებს მხარს დავუჭერდი. მთავრობა ადგენს ადამიანის ოლიგარქობას. ანუ, ვინც ოლიგარქიის საუკეთესო მტკიცებულებაა, ისინი ადგენენ ოლიგარქებს. ოლიგარქიის მტკიცებულებაა მთავრობის ყველა წევრი – ღარიბაშვილი, ჩუბინიძე, გომელაური, ბურჭულაძეც, ლილუაშვილიც. ეს ადამიანები თავად არიან ოლიგარქიის მტკიცებულება და რა უნდა განსაზღვრონ?“ – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.