პაატა გურასპაული აჟიოტაჟის წინააღმდეგ - ეს „არაშენება“ როგორაა? ფაქტობრივად, ახალი დარბაზი აშენდება
პაატა გურასპაული აჟიოტაჟის წინააღმდეგ - ეს „არაშენება“ როგორაა? ფაქტობრივად, ახალი დარბაზი აშენდება
2021 წლის ევრობასკეტს თბილისში ახალი არენის ნაცვლად ახალი ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს, რომელიც მომავალი წლიდან ფაქტობრივად თავიდან აშენდება – ამის შესახებ ახალ ოლიმპიური სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის, ასევე მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელებმა.
 
მათი თქმით, იყო ორი ვარიანტი – ან უნდა აშენებულიყო ახალი არენა, ან რომელიმე არსებული განახლებულიყო. ეკონომიური მოსაზრებებიდან გამომდინარე და ფიბას ექსპერტებთან კონსულტაციის შედეგად, უპირატესობა მეორე ვარიანტს მიენიჭა. პირველის მშენებლობა 200 მილიონი ლარი დაჯდებოდა, ხოლო არსებულის განახლებას – ამ თანხის ნახევარი დასჭირდება.
ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის ევრობასკეტის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზენტაცია 2020 წლის იანვრიდან გაიმართება – ახალი ოლიმპიური სასახლის განახლებაც ამავე პერიოდიდან დაიწყება.
„ყველაფერი კეთდება, რომ ეს ტურნირი ღირსეულად ჩავატაროთ. იყო ორი ვარიანტი – ან ახალი არენა აგვეშენებინა ან რომელიმე არსებულის რეკონსტრუქცია ჩაგვეტარებინა. ექსპერტებისთან და ფიბასთან შეთანხმებით, ყველაზე სასურველი ოლიმპიური არენის გადაკეთება და რეკონსტრუქცია აღმოჩნდა. პირველი ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, რადგან ახალ სასახლის აშენება 200 მილიონამდე დაჯდებოდა, ხოლო არსებულის 10 ათას ტევადობამდე განახლება უფრო იაფი დაჯდება. არის ტრანსპირტის ფაქტორიც – ახალი ოლიმპიური სასახლე ორ მეტროსადგურთან არის ახლოს. მალე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება და ჩვენ ყველა მოთხოვნას დავაკმაყოფილებთ“ – აცხადებს მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე.
გიგა ქართველიშვილი, კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, ფიბას ბორდის წევრი: „ეს ორი ვარიანტი, მათ შორის არსებული ინფრასტრუქტურის გადაკეთება, თავიდანვე გეგმაში გქვონდა. ახალ ოლიმპიურ სასახლეში კი იმდენი რამ შეიცვლება, რომ ფაქტობრივად ახალი არენის მშენებლობა გამოდის და ყველა თვალსაზრისით ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი გახლდათ. ფიბა ამ ყველაფერზე დაგვთანხმა და საგანგაშო არაფერია. მთავარი მოთხოვნაა, დარბაზში მინიმუმ 10 ათასი მაყურებელი ეტეოდეს და კრიტერიუმები დააკმაყოფილოს. არენის მშენებლობა რომ იანვარში დაიწყება, ამის გარანტია მივიღეთ პრემიერისა და ხელისუფლებისგან“.
პაატა გურასპაული, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: „აჟიოტაჟი, თითქოს დარბაზი არ აშენდება, არასწორია. 10-ათასიანი დარბაზი შენდება და ეს არაშენება როგორაა? ეს ახალი, მულტიფუნქციური არენა იქნება, რომელიც ევრობასკეტის მერეც სხვა სახეობების მნიშვნელოვანი ტურნირების მასპინძლობას შეძლებს. მთავრობასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტურნირს ღირსეულად ვუმასპინძლოთ. მიკვირს, საიდან გაჩნდა ვერსია, რომ ჩვენს ნაცვლად ევრობასკეტს ავსტრიაში გადაიტანენ – ეს ტყუილია, საკითხი ასე არც განხილულა“.
მანუჩარ მარკოიშვილი, ვეტერანი კალათბურთელი: „სადაც ევრობასკეტი ჩატარდა, ყველა ქვეყანაში კალათბურთი განვითარდა – ეს ჩვენი კალათბურთისთვის, ახალი თაობების გასაზრდელად, ძალიან კარგი შანსია. ბავშვობაში ბევრჯერ მიოცნებია, რომ ასეთი ტურნირისთვის გვემასპინძლა და ეს ოცნება მალე რეალობად იქცევა“.