ინტერვიუ | ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის განვითარების სტრატეგიაზე #1TVSPORT
ინტერვიუ | ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის განვითარების სტრატეგიაზე #1TVSPORT

11 დეკემბერს ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს. სწორედ მაშინ გაჟღერდა მთავრობის უპრეცედენტო მხარდაჭერის შესახებ. საინტერესოა, ახალი პრეზიდენტი რა მიმართულებებს მიიჩნევს პრიორიტეტულად და როგორ ესახება ქართული კალათბურთის მომავალი.

პირველი შეკითხვა ფედერაციის პრეზიდენტად არჩევას შეეხებოდა.

„ჩემი უცხოელი, ასევე ქართველი მეგობრები ხშირად მეკითხებოდნენ, ვაპირებდი თუ არა ფედერაციის პრეზიდენტობას. საბოლოოდ გადაწყვეტილება რომ მივიღე, ბევრს არც გაჰკვირვებია.

ვაცნობიერებ, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა მაქვს საერთაშორისო კონტაქტები, გამოცდილება, რომ საქმეს სათანადოდ გავუძღვე“.

 

100 მილიონი

„მთავრობა ქართული კალათბურთის განვითარებისთვის უპრეცედენტოდ დიდ თანხას, 100 მილიონ ლარს გამოყოფს. ფედერაციამ უნდა განსაზღვროს პრიორიტეტები, შექმნას განვითარების პროგრამა, რომელზე მუშაობაც უკვე დაწყებულია.

პირველ რიგში, სწორედ კალათბურთის ფედერაციამ უნდა შეაფასოს, რა მიმართულებით სჭირდება განვითარება და სად რა რესურსი უნდა ჩაიდოს“.

 

პრიორიტეტი

„ჩვენი მთავარი ამოცანა მასობრიობის ზრდაა – კალათბურთს ყველა უნდა თამაშობდეს, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული სპორტის ამ სახეობაში.

კალათბურთი საქართველოს მასშტაბით ერთნაირად კარგად უნდა იყოს განვითარებული. რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებს კალათბურთზე ხელი უნდა მიუწვდებოდეთ. მასობრიობა ზრდის კონკურენციას. კონკურენციას კი მოაქვს შედეგი.

ყველა რეგიონში, სადაც არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, უნდა იყოს საკალათბურთო გუნდი. სადაც ინფრასტრუქტურა არ არსებობს, უნდა შეიქმნას. სადაც მოსაწესრიგებელია, უნდა მოწესრიგდეს.

ვაპირებ ყველა მუნიციპალიტეტში ჩასვლას და სიტუაციის შესწავლას. რეგიონებში უნდა იყოს სრულფასოვანი საკალათბურთო სკოლები, ბავშვებს მაქსიმალური პირობები უნდა ჰქონდეთ, ჰყავდეთ კომპეტენტური მწვრთნელები…

თუ ჩვენი რესურსი საკმარისი არ იქნება, მწვრთნელებს უცხოეთიდან ჩამოვიყვანთ“.

 

ჩემპიონატი და ნაკრები

„დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ჩემპიონატის დონის ამაღლებას. რაც უფრო კარგი ჩემპიონატი იქნება მით მეტი ბავშვი დაინტერესდება და გაუჩნდება სუპერლიგაში თამაშის სურვილი და მოტივაცია.

ეროვნული ჩემპიონატის სიძლიერეზეა დამოკიდებული ნაკრების წარმატებაც: ფიბა-მ რამდენიმე წელია, სანაკრებო ტურნირების ფორმატი შეცვალა – შესარჩევი ეტაპის მატჩები შუა სეზონში იმართება, რა დროსაც ევროლიგიდან და NBA-დან კალათბურთელებს არ უშვებენ. ამ ორი ტოპ-ლიგიდან 12 კალათბურთელიც რომ გვყავდეს, შესარჩევზე მაინც ვერ ვათამაშებთ.

ფონს უნდა გავიდეთ შედარებით დაბალი ლიგის კალათბურთელებით. ანუ, ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი უნდა იყოს ისეთი ძლიერი, რომ მოთამაშეებმა ღირსეული კონკურენცია გაუწიონ სხვა ნაკრებებს.

ფიბა-ს ფორმატი სხვა კუთხითაც არასამართლიანია: ესპანეთის ნაკრებში მყავს მეგობრები, რომლებმაც შესარჩევზე NBA-ისა და ევროლიგის კალათბურთელების არყოფნაში წარმატებით იასპარეზეს და ესპანეთს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოუპოვეს. თუმცა მუნდიალი გაიმართა აგვისტო-სექტემბერში, მაშინ როცა ევროლიგისა და NBA-ის წარმომადგენლები თავისუფლები არიან და მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ ორი ის კალათბურთელი გაემგზავრა, რომლებმაც ლიცენზიის მოპოვებაში დიდი ოფლი დაღვარა. ეს უსამართლობაა“.

 

ევროტურნირები

„ეროვნული ჩემპიონატის გასაძლიერებლად და საქართველოს ნაკრების კარგი კალათბურთელებით შესავსებად აუცილებელია ქართული კლუბები რეგულარულად თამაშობდნენ საერთაშორისო ტურნირებზე.

თუ კლუბის ინფრასტრუქტურა დააკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს, ფედერაციაც ხელს შეუწყობს. გვექნება დაფინანსების ისეთი მოდელი, რომლის მიხედვითაც ის მიიღებს თანხას რომელიმე ევროტურნირზე სათამაშოდ. თავის მხრივ, რეგიონის ხელმძღვანელობაც აქტიურად იქნება ჩართული პროცესებში და მისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება, გუნდმა ღირსეულად წარმოაჩინოს თავი საერთაშორისო არენაზე.

ჩვენი ამოცანაა სხვადასხვა შეჯიბრებაში ორი-სამი კლუბი იყოს წარმოდგენილი. ეს ქართული კალათბურთის დიდი წარმატება იქნება. ამის გარეშე განვითარება წარმოუდგენელია.

ასეთ მოდელზე უკვე ვმუშაობთ და მალე წარმოვადგენთ“.

 

დარბაზი

როგორც ვიქტორ სანიკიძემ გვითხრა, მიმდინარეობს მუსაობა საქართველოს ნაკრების ევრობასკეტისთვის მომზადების გეგმაზე. მალე საზოგადოება შეიტყობს საკონტროლო მატჩებისა და შეკრების თარიღებს. ამ ეტაპზე კი მთავარი დარბაზს მშენებლობის პროცესია.

„ბევრს მსჯელობენ ევრობასკეტის არენაზე. ინჟინერი არ ვარ, ჩემი მხრიდან რთულია შეფასება დარბაზის მშენებლობის პროცესზე. თუმცა ჩამოსულები იყვნენ ფიბა-ს წარმომადგენლები, რომლებიც ყველაფერს აკონტროლებდნენ და ჩვენ ყოველ ეტაპზე უნდა ვაკმაყოფილებდეთ მათ მოთხოვნებს. შემკვეთიც და შემსრულებელიც მაქსიმუმს აკეთებს. ჩვენც თავიდან ბოლომდე ჩართულები ვართ“.

 

დატოვე კომენტარი