ფიბა-სთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში ფედერაციამ „ბასკოს“ აკადემიას ტაბლო და საკალათბურთო ინვენტარი გადასცა #1TVSPORT
ფიბა-სთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში ფედერაციამ „ბასკოს“ აკადემიას ტაბლო და საკალათბურთო ინვენტარი გადასცა #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებითა და ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდთან (Youth developmant Fund) თანამშრომლობით რეგიონების მხარდაჭერა გრძელდება.  აღნიშნული დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა ონიანი და წარმომადგენელი ალეკო პეტრიაშვილი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ნიკოლოზ ცქიტიშვილთან ერთად ბათუმში იმყოფებოდნენ, სადაც „ბასკოს“ საკალათბურთო აკადემიას ფიბა-ს სტანდარტების ტაბლო და 24 წამის მოწყობილობა ჩაუტანეს.

ამ სეზონში „ბასკოს“ 18-წლამდელთა „ა“ ლიგაში გუნდი გამოჰყავს და თამაშების სამასპინძლოდ აუცილებელი იყო თანამედროვე სტანდარტების ტაბლო. „ბასკოს“ საკალათბურთო აკადემიის ხელმძღვანელის, ივანე მაისურაძის ძალისხმევით მოხერხდა ახალი, ეგრედწოდებული ნავთობბაზის სპორტული დარბაზის ათვისება, სადაც სარემონტო სამუშაოები დასასრულის პირასაა. 18-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩს „ბასკო“ 3 თებერვალს ახალგარემონტებულ და კეთილმოწყობილ დარბაზში უმასპინძლებს.

რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ერთი კვირის წინ გორში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი სპორტის სასახლის მცირე დარბაზისთვის ტაბლო და 24 წამის მოწყობილობები ჩაიტანა. რეგიონული კალათბურთის ფედერაციების განვითარების პროგრამა 2023 წელშიც აქტიურად გაგრძელდება და, გარდა ტაბლოებისა და 24 წამის მოწყობილობებისა, რეგიონების სხვადასხვა საკალათბურთო ატრიბუტიკითა და ამუნიციით მომარაგებას უზრუნველყოფს.

GBF.GE