პაატა ღუდუშაური ისრაელიდან წამოვიდა და უეფა-ს გადაწყვეტილებას ელოდება #1TVSPORT
პაატა ღუდუშაურმა საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ბნეი სახნინი“ ისრაელში მიმდინარე საომარი ვითარების გამო დატოვა.
„ისრაელში წასვლამდე ვიცოდი, რა ვითარებაც იყო ქვეყანაში, მაგრამ ქალაქი, სადაც ვიყავი, ქვეყნის ჩრდილოეთშია და შედარებით უსაფრთხო იყო. ახლაც კარგადაა დაცული, მაგრამ ვარჯიშების დროს საჰაერო განგაშის სირენები ირთვებოდა და ასეთ გარემოში ყოფნა სასიამოვნო არ იყო.
„ბნეი სახნინში“ თამაში ძალიანაც მინდოდა, გუნდში კარგად მიმიღეს, გარემოც მომწონდა და მათაც ჩემი დარჩენის დიდი სურვილი ჰქონდათ, მაგრამ ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობასთან შევთანხმდით და კონტრაქტი შევწყვიტეთ.
ჯერ უფლება არ მაქვს ახალ გუნდში ჩავირიცხო, რადგან ფიფა-სა და უეფა-ს რეგულაციებით, ერთ სატრანსფერო ფანჯარაში ორი კონტრაქტის გაფორმება არ შემიძლია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სატრანსფერო სპეციალისტების დახმარებით უეფა-ს უკვე მივმართე და იმედია, თამაში უფლებას ახლავე მომცენ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან პაატა ღუდუშაურმა.