ბათუმის „დინამომ“ ღუდუშაური წარადგინა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ ღუდუშაური წარადგინა #1TVSPORT

პაატა ღუდუშაური ბათუმის „დინამომ“ ოფიციალურად წარადგინა – ახალგაზრდა თავდამსხმელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და საშემოდგომო ეტაპიდან საქართველოს ჩემპიონის ფორმით ითამაშებს.

ბათუმის „დინამოს“ პრესსამსახურის ცნობით, 25 წლის მოთამაშემ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გააფორმა – ცნობილი გახდა, რომ ღუდუშაური „დინამოში“ 27-ნომრიან მაისურს მოირგებს.

ფეხბურთელი ბათუმელებმა გორის „დილადან“ დაიმატეს, სადაც 2021 წლიდან თამაშობდა. ღუდუშაური 2016-2019 წლებში „ვიტ ჯორჯიაში“ ასპარეზობდა, მაგრამ 2019 წლის 20 მაისს, სწორედ ბათუმის „დინამოსთან“ თამაშის დროს სამართალდამცავებმა გარიგებულ თამაშებში ბრალდებით „ვიტ ჯორჯიას“ კიდევ რამდენიმე მოთამაშესთან ერთად დააკავეს და ორი წელი ფეხბურთს ჩამოაშორეს.

საბოლოოდ, დეტალურმა გამოძიებამ ღუდუშაურის ბრალეულობა არ დაადასტურა, გაამართლეს და ფეხბურთში დაბრუნების უფლება მისცეს. მან კი 2-წლიანი პაუზის მიუხედავად, „დილაში“ ფორმის აღდგენა მოახერხა და გუნდის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშე გახდა.

ბათუმელები სეზონს 14 აგვისტოს ეროვნული ლიგის XXI ტურით განაახლებენ. „დინამოში“ ღუდუშაურის დებიუტი, სავარაუდოდ, ყოფილი კლუბის წინააღმდეგ შედგება. საქართველოს ჩემპიონი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გორის „დილას“ ესტუმრება.