ბათუმის „დინამოში“ ღუდუშაურის გადასვლის პირობები ცნობილია - უკმაყოფილო „პირატებს“ რომან ჭანტურიამ უპასუხა #1TVSPORT
ბათუმის „დინამოში“ ღუდუშაურის გადასვლის პირობები ცნობილია - უკმაყოფილო „პირატებს“ რომან ჭანტურიამ უპასუხა #1TVSPORT

გორის „დილას“ შემტევი ნახევარმცველი პაატა ღუდუშაური, დიდი ალბათობით, ბათუმის „დინამოში“ ითამაშებს – საქართველოს ჩემპიონი კლუბის პრესსამსახური ჯერ ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებს, მაგრამ საკითხი გადაწყვეტილია.

ცნობილი გახდა, რომ 25 წლის შემტევსა და ბათუმის კლუბს შორის ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, ხოლო „დინამომ“ გორის კლუბს მოთამაშის ტრანსფერში 120 ათასი ევრო გადაუხადა, რაც ბოლო წლებში შიდა ტრანსფერებში გადახდილი ყველაზე დიდი თანხაა. კლუბების შეთანხმებით, სატრანსფერო თანხის გარდა, ბათუმელები ღუდუშაურის შემდეგი ტრანსფერიდან „დილას“ შემოსავლის 20 პროცენტრსაც გადაუხდიან.

შესაძლო ტრანსფერისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ბათუმის „დინამოს“ ფან-კლუბმა „შავი ზღვის პირატებმა“ გამოხატა:

„კატასტროფის შემდგომ, დღეს ვიგებთ, რომ ბათუმის „დინამოს“ სურვილი აქვს პროფესიული მატჩების მოსყიდვის ფაქტზე ბრალდებული ფეხბურთელი დაიმატოს. იმედი გვაქვს, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ბათუმში მას არავინ ელის. ასევე „მარცხთან“ დაკავშირებით ველოდებით ოფიციალურ განცხადებას“, – წერია „შავი ზღვის პირატების“ გვერდზე გავრცელებულ ცნობაში.

„პირატების“ განცხადებას, ბათუმის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რომან ჭანტურიამ უპასუხა:

„პაატა უწესიერესი ბიჭია, თავმდაბალი და თავის საქმის პროფესიონალი. არასდროს მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია! მან იწვალა თითქმის 2 წელი და თავის სიმართლე სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დაამტკიცა. ისე პროფესიულ ფეხბურთში არავინ დააბრუნებდა, როგორც სხვები არ დააბრუნეს. „პირატებო“, დიდ პატივს გცემთ, ჩემი თქვენდამი დამოკიდებულება იცით, მაგრამ სანამ ამ ბიჭს განსჯით, მანამდე კარგად გაიცანით და ჩემი სიტყვების სიმართლეში დარწმუნდებით. წარმატებები, მუდამ თქვენი გულშემატკივარი ჭანტურა!“, – წერს თავდამსხმელი.