პაატა ღუდუშაური - გამიხარდება, სეზონის საუკეთესო მოთამაშედ თუ დამასახელებენ #1TVSPORT
პაატა ღუდუშაური - გამიხარდება, სეზონის საუკეთესო მოთამაშედ თუ დამასახელებენ #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ 26 წლის თავდამსხმელი პაატა ღუდუშაური ერთადერთი მოთამაშეა ეროვნულ ლიგაში, ვინც ბოლო წლებში ეგრეთ წოდებული ორმაგი დუბლი შეასრულა – ანუ 10-ზე მეტი გოლი და საგოლე პასი მოაგროვა (12 გოლი, 13 საგოლე პასი), ამას გარდა, ღუდუშაური ეროვნული ლიგის საუკეთესო მოთამაშეობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

„დიდი სურვილი გვქონდა, ბათუმის „დინამოს“ 100 წლის იუბილე ჩემპიონობით აღგვენიშნა. ეროვნულ ლიგაში გამარჯვება რამდენიმე გუნდს სურდა და, ბუნებრივია, სირთულეები იყო, მაგრამ მიზანთან ერთსულოვნებამ მიგვიყვანა, ეს ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო.

6 დეკემბერს საქართველოს თასის ფინალში „საბურთალოს“ ვეთამაშებით და დუბლის შესრულების შანსი გვაქვს. ბათუმის „დინამოს“ ისეთი მაგარი გულშემატკივარი ჰყავს, რომ კიდევ ერთ გამარჯვებას იმსახურებენ. უფლება არ გვაქვს, ბოლომდე არ ვიბრძოლოთ. ერთ სეზონში ორი ტიტული უდიდესი წარმატება იქნება.

რაც შეეხება პირადად ჩემს მიღწევას – საქართველოს ჩემპიონატს ეროვნული ლიგა 2017 წლიდან დაერქვა. თუ არ ვცდები, მას შემდეგ ეს ე.წ. ორმაგი დუბლის შესრულების პირველი შემთხვევაა. ძალიან მიხარია და პასუხისმგებლობაც უფრო მეტია. რა თქმა უნდა, გამიხარდება სეზონის საუკეთესო მოთამაშე თუ გავხდები“, – განაცხადა პაატა ღუდუშაურმა საქართველოს პირველ არხთან.