ოთარ კახიძე თაკო ჩარკვიანს „განქოცებულ ქალბატონს“ უწოდებს და ამბობს, რომ მისი ბრალდებები „ნაცმოძრაობის“ ცილისმწამებლური კამპანიის გამოძახილია
ოთარ კახიძე თაკო ჩარკვიანს „განქოცებულ ქალბატონს“ უწოდებს და ამბობს, რომ მისი ბრალდებები „ნაცმოძრაობის“ ცილისმწამებლური კამპანიის გამოძახილია

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, ოთარ კახიძემ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერს, თაკო ჩარკვიანს „განქოცებული ქალბატონი“ უწოდა.

ამასთან, ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „თაკო ჩარკვიანის ბრალდებები ასავალ-დასავალის სტილში მხოლოდ ქოცური ბექგრაუნდით არ აიხსნება“.

„ევროპული საქართველო“ გამოვიდა ინიციატივით, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა წინასწარ განაცხადონ ივანიშვილთან კოალიციის მიუღებლობის თაობაზე. ენმ-ს ირგვლივ არსებული კოალიციის ერთ-ერთმა სპიკერმა და სახემ, თაკო ჩარკვიანმა ჩვენი ინიციატივა მონათლა თაღლითობად და ივანიშვილთან თანამშრომლობაში დაგვადანაშაულა. ეს ახლად განქოცებული ქალბატონი, რომ ივანიშვილთან თანამშრომლობას გვაბრალებს, სასაცილოა პირდაპირ. 2012-ში ხომ ქოცობდა და 2016-17 წლებშიც ელოდა სარგებელს ბიძინასგან. მერე დაიწყო ოპოზიციონერობა და რომის პაპზე დიდი კათოლიკე გახდა, მაგრამ სამწუხაროდ მისი ბრალდებები „ასავალ-დასავალის“ სტილში მხოლოდ ქოცური ბექგრაუნდით არ აიხსნება. აღნიშნული „ნაცმოძრაობის“ ცილისმწამებლური კამპანიის გამოძახილია, სწორედ ისინი გვეძახდნენ გარიგებულებს და მოსყიდულებს, როგორც ჩანს, ახლა ჩარკვიანს აქვს ეს როლი მორგებული. საზოგადოება ყველაფერს ხედავს და აფასებს, ეს არის მთავარი“,- წერს ოთარ კახიძე.

პარტიებმა – „ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გუშინ ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდეს, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში. „მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ივანიშვილის მთავრობასთან არ შევალთ კოალიციაში“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

„კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა აღნიშნული შეთავაზების შეფასებისას განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას თაღლითობის სუნი ასდის.

დატოვე კომენტარი