ოთარ კახიძე - საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების პროექტში საკვანძო პრობლემა ე.წ. სიძულვილის ენის გამოყენების საკითხია
ოთარ კახიძე - საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების პროექტში საკვანძო პრობლემა ე.წ. სიძულვილის ენის გამოყენების საკითხია

საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების პროექტში საკვანძო პრობლემა ე.წ. სიძულვილის ენის გამოყენებას ეხება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებების პროექტში სიძულვილის ენის დეფინიცია არ არის მოცემული და ჩანაწერი ბუნდოვანია.

„ეს კეთდება იმისთვის, რომ შინაარსობრივად გაკონტროლდეს პოლიტიკური რეკლამა. საკმაოდ პრობლემურია, რადგან სიძულვილის ენის დეფინიცია არ არის მოცემული და ბუნდოვანია ჩანაწერი. როცა ჩანაწერს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სასამართლო გაავრცელებენ, შესაძლოა, გამოხატვის თავისუფლება სერიოზულად შეიზღუდოს და ხელისუფლებამ კრიტიკული აზრის ჩახშობა სცადოს. ეს ჩანაწერი ან უნდა გაუქმდეს, ან მკაფიოდ განიმარტოს, რა იგულისხმება“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის ორდღიანი შეხვედრა დღეს გრძელდება. გუშინ შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და უმრავლესობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტი წარადგინა. ცვლილებები შეეხება პარტიების დაფინანსების წესს, უფასო საეთერო დროს, ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესსა და სხვა საკითხებს. ამასთან, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტით, პოლიტიკური პარტიის ანტირეკლამა სარეკლამო რგოლის 25 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.