ოთარ დანელია - არსებული ჯგუფის მიერ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების შესაძლებლობას ვერ ვხედავ
ოთარ დანელია - არსებული ჯგუფის მიერ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების შესაძლებლობას ვერ ვხედავ

თუ ხელშეკრულება შესაწყვეტია, უნდა შეწყდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ოთარ დანელიამ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტი საქართველოს საკუთრებაა და რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს მიღებული სწორი გადაწყვეტილება.

„ძალიან გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის პირადად ანაკლიის პორტი ძალიან სუბიექტურია, რადგან როგორც სამეგრელოს ერთ-ერთი დეპუტატი, დიდი იმედით ვუყურებთ ამ პროექტს და ვფიქრობთ, რომ ეს საუკუნის პროექტია. არავის აქვს გაურკვევლობის შექმნის უფლება ამ თემასთან დაკავშირებით. თუ ხელშეკრულება შესაწყვეტია, უნდა შეწყდეს. თუ ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას ინვესტორი, რომელიც ამ პროექტს დღეისთვის წარმოადგენს, პირიქით, ტყუილად დრო არ უნდა დავხარჯოთ თუ ვხედავთ, რომ რეალურად ვერ ხდება კონკრეტული სუბიექტების მიერ პროექტის განხორციელება. ეს პროექტი არავის საკუთრებაში არ არის. ეს ჩვენი ქვეყნის საკუთრებაა და მილიონობით ქართველი ელოდება. ვფიქრობ, დაჩქარებულად, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა დანელიამ.

დეპუტატის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტი შედგეს და მის განხორციელებას არაფერმა შეუშალოს ხელი.

„გულწრფელად გითხრათ, არსებული ჯგუფის მიერ მისი განხორციელების შესაძლებლობას ვერ ვხედავ, თუ დღეს რამე განსაკუთრებული პირობა არ აქვთ წარმოდგენილი. ვინაიდან დღეს ვადა ეწურებათ და მათ ძალიან ბევრი გადავადება ჰქონდათ, კითხვები ამ გადავადებებთან დაკავშირებითაც გვაქვს. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს და ამ თემასთან დაკავშირებით განხილვა აუცილებლად გვექნება“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა დღეს ეწურება.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა,  2019 წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოშალოს მხარეთა შორის ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება.

ამასთან, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ  კონსორციუმი დღეს მთავრობისთვის არანაირი დოკუმენტის წარდგენას არ აპირებს.