„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთავრობისთვის დღეს არანაირი დოკუმენტის წარდგენას არ აპირებს
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთავრობისთვის დღეს არანაირი დოკუმენტის წარდგენას არ აპირებს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დღეს მთავრობისთვის არანაირი დოკუმენტის წარდგენას არ აპირებს. ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა.

მისი თქმით, კონსორციუმმა წარადგინა ხედვა და მთავრობას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. თუმცა ახვლედიანის შეფასებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის დღევანდელი ბრიფინგი მთავრობის განწყობას აჩვენებს.

„არანაირი დოკუმენტაციის ჩაბარებას დღეს აღარ ვაპირებთ. ჩვენ ძალიან კეთილგანწყობილნი ვიყავით იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინ წარვადგინეთ ხედვა, მოვუწოდებდით მთავრობას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ, მაგრამ დღეს, 12:00 საათზე გამართული ბრიფინგი ცალსახად ადასტურებს, რეალურად რა განწყობა აქვთ მათ. იმის ნაცვლად, რომ გამოეყენებინა მთავრობას ჩვენი ეს განწყობა და გადავსულიყავით კონსტრუქციულ საუბარში, კიდევ ერთხელ ხდება ამ პროექტის ძალიან ნეგატიური დაკნინება და ხელისშემშლელი პირობების წაყენება“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის შეფასებით, თუ მთავრობა ხელშეკრულებას გაწყვეტს, აღნიშნულ პროექტში მაღალი რეპუტაციის მქონე არც ერთი ინვესტორი და არც ერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი არ მიიღებს მონაწილეობას.

„დღეს ითქვა, რომ თუ ჩვენ ხვალამდე კონკრეტულ დოკუმენტებს არ წარვადგენთ, მთავრობას უფლება აქვს, ხელშეკრულება შეწყვიტოს. მინდა, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, თუ მთავრობა ამ გზას დაადგება, არც ერთი მაღალი რეპუტაციის მქონე ინვესტორი თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ამ პროექტს აღარ გაეკარება და ეს პროექტი ძალიან დიდი ხნით გაჩერდება. ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა გონივრულ ზომებს მიიღებს“, – აცხადებს ლევან ახვლედიანი.

მისივე თქმით, ნაცვლად პროექტისთვის ყველანაირი მხარდაჭერის გამოცხადებისა, მთავრობამ ბოლო პერიოდში პრაქტიკულად პროექტის საბოტაჟი მოახდინა.

„ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში, სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთად, იმ ურთულეს ვითარებაში, რაშიც გვიწევდა მუშაობა, შევძელით და მოვიძიეთ ორი ახალი ინვესტორი, რომლებიც დაინტერესდნენ ამ პროექტით: ყაზახურ-ჰონგ კონგური ჯგუფი და ამერიკული მსხვილი საინვესტიციო ჯგუფი. პირველ ინვესტორს – ყაზახურ-ჰონგკონგურ ჯგუფს, მთავრობამ გაცნობისას, პირველ შეხვედრაზე პრაქტიკულად პირდაპირ დაუფიქსირა, რომ ისინი არ მიესალმებოდნენ მათ ინვესტიციას, რომ ისინი არ იყვნენ დასავლელი, ამერიკული წარმოშობის ინვესტორები. ამან საკმაოდ დიდი შეშფოთება გამოიწვია ჩვენშიც და ამ ინვესტორშიც. ინვესტორები ითხოვდნენ ღია მხარდაჭერას მთავრობისგან ამ პროექტში, რათა მიეღოთ მონაწილეობა“, – აღნიშნა ახვლედიანმა.

რაც შეეხება მეორე შესაძლო ინვესტორს, ახვლედიანის ინფორმაციით, ამერიკული ფონდი დაინტერესდა და მთავრობისგან წერილობითი განცხადება მოითხოვა, რომ მიესალმებოდნენ მათ მონაწილეობას.

„მთავრობა დაგვპირდა ამ წერილის მომზადებას, რომ გაუგზავნიდა აღნიშნულ წერილს ამერიკულ ფონდს, მაგრამ წერილი ადრესატთან არ მისულა. ერთი მხრივ, ყაზახურ ინვესტორს ეუბნებიან, რომ რადგან ამერიკული არ ხართ, თქვენს მონაწილეობას ვერ მივესალმებით, მოვიყვანეთ ამერიკული ინვესტორი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, მინიმუმი, რაც წერილის გაგზავნაში მდგომარეობს, ესეც კი არ გააკეთა მთავრობამ. საბოტაჟის დამატებითი ფაქტები ძალიან ბევრი იყო და საზოგადოებამ იცის ამ ფაქტების შესახებ“, – აღნიშნა ახვლედიანმა და მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე, ფოთის პორტთან დაკავშირებით გაცემულ ნებართვებზეც ისაუბრა.

მისივე თქმით, ყველაფერმა ამან ძალიან დააზიანა ინვესტორების განწყობა დ კითხვის ნიშნები წარმოქმნა პროექტის მიმართ მთავრობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

„კულუარებში, ფორმალურ თუ არაფორმალურ შეხვედრებში, დაინტერესებულ პირებთან მთავრობამ არაერთხელ დააფიქსირა, თურმე ანაკლია არ არის რენტაბელური და კომერციულად გამართლებული. საჯაროდ კეთდებოდა განსხვავებული განცხადებები, თუმცა პირისპირ შეხვედრებში ხდებოდა აბსოლუტურად საწინააღმდეგო. ამ ურთულეს პირობებში, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ და ჩვენმა ახალმა სამეთვალყურეო საბჭომ კიდევ ერთხელ შევძელით, მოგვეძია და მობილიზება გაგვეკეთებინა ინვესტორების, რომლებიც დღესაც კი მზად არიან, ინვესტიცია განახორციელონ პროექტში. მინიმალური რამ არის მთავრობის მხრიდან გასაკეთებელი, რაც ამას უზრუნველყოფდა“, – აღნიშნა ახვლედიანმა.

რაც შეეხება კონსორციუმის მიერ რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის წარდგენილ წერილს, კონსორციუმის გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ კონფლიდენციალობა წერილთან დაკავშირებით ორივე მხარემ უნდა დაიცვას.

„ეს წერილი იყო იურისტების მიერ დაწერილი, ჩვენ ამ წერილის შინაარსს ჯერ ვერ გავასაჯაროვებთ, არ დავარღვევთ ხელშეკრულების მუხლს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ზუსტად არის აღწერილი, რა ნაბიჯები და ქმედებები არის საჭირო, რათა პროექტი წინ წავწიოთ“, – განაცხადა ახვლედიანმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა დღეს ეწურება.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა,  2019 წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოშალოს მხარეთა შორის ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება.

დატოვე კომენტარი