ორწლიანი კონტრაქტი შეთანხმებულია - სანდრო ალთუნაშვილი „ვოლფსბერგერში“ ითამაშებს #1TVSPORT
ორწლიანი კონტრაქტი შეთანხმებულია - სანდრო ალთუნაშვილი „ვოლფსბერგერში“ ითამაშებს #1TVSPORT

სანდრო ალთუნაშვილი უახლოეს დღეებში ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ მოთამაშე გახდება – საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ ნახევარმცველის შესახებ GEO TEAM-ის გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს დაუდასტურეს – ავსტრიულმა კლუბმა ფეხბურთელის მენეჯერებთან და პირადად ფეხბურთელთან კონტრაქტის პირობები შეათანხმა.

მოლაპარაკებას სააგენტო FA PLAYERS AGENTS-ის მენეჯერები აწარმოებდნენ (გუგა კაჭახიძე, მალხაზ მუსერიძე, გიორგი ფოფხაძე). მათ კომენტარისგან თავი შეიკავეს, მაგრამ შევიტყვეთ, რომ ალთუნაშვილი სამედიცინო შემოწმებას გავლის შემდეგ „ვოლფსბერგერის“ მოთამაშე ოფიციალურად გახდება.

ხელშეკრულება ორწლიანია – სანდრო ალთუნაშვილი „ვოლფსბერგერთან“ კონტრაქტს ოფციონის წესით (2+1) გააფორმებს, რაც ავსტრიულ კლუბს ორი წლის შემდეგ ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების უფლებას ანიჭებს.

26 წლის საყრდენი ნახევარმცველი „საბურთალოს“ აღზრდილია – მან კარიერის დიდი ნაწილი თბილისურ კლუბში (2014-21) გაატარა, საიდანაც 2021 წელს ბათუმის „დინამოში“ გადავიდა.

ალთუნაშვილი ამჟამად ეროვნულ ნაკრებთან ერთად შოტლანდიაშია და ევრო 2024-ის მატჩისთვის ემზადება.