ლეგიონერები | ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერმა“ ცხრა კაცით მოიგო, ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა #1TVSPORT
იტალიის სერია A-ში გიორგი კვერნაძის „ფროსინონე“ „რომას“ ესტუმრა და 0:2 წააგო. გიორგი კვერნაძეს მწვრთნელმა ამჯერად შანსი არ მისცა და სათადარიგოთა სკამზე დატოვა.
სერია B-ში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ „პარმას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ქართველი მცველი ახალმა მწვრთნელმა კვლავ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და შეუცვლელად ათამაშა.
მატჩის დასაწყისში ვიდეორეფერიმ ორივე გუნდის გოლი გააუქმა, მაგრამ „პარმამ“ უპირატესობა მაინც მოიპოვა, „კრემონეზე“ კი სეზონში მეორედ დამარცხდა და 10 ქულით მე-10 პოზიციაზე დაქვეითდა.
ავსტრიის ბუნდესლიგაში ქართველებიდან მხოლოდ სანდრო ალთუნაშვილმა ითამაშა, რომლის „ვოლფსბერგერიც“ ლასკ-თან შეხვედრაში ცხრა მოთამაშით დარჩა, მაგრამ მეტოქე მაინც დაამარცხა – 2:1. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და 6,9 ქულა დაიმსახურა.
ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ „ტიროლთან“ 1:0 გაიმარჯვა. ქართველმა ნახევარმცველმა დაპირისპირება ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო გამოტოვა.