კიტეიშვილი „შტურმის“ ძირითადში დაბრუნდა - წაგების მიუხედავად, „ვოლფსბერგერში“ ალთუნაშვილი გამოარჩიეს #1TVSPORT
კიტეიშვილი „შტურმის“ ძირითადში დაბრუნდა - წაგების მიუხედავად, „ვოლფსბერგერში“ ალთუნაშვილი გამოარჩიეს #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა. ეს „ალტახთან“ ავსტრიის ბუნდესლიგის მატჩში მოხდა, შეხვედრა გრაცელებმა 1:0 მოიგეს.

„გრაცის ქართველი ჯადოქარი“, – ასე მიესალმა კლუბის ვებგვერდი ქართველი ნახევარმცველის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებას. ტრავმის გამო 27 წლის ნახევარმცველმა ნოემბერში საქართველოს ნაკრების მატჩები გამოტოვა.

ტრავმის შემდეგ კიტეიშვილმა „შტურმში“ ორი მატჩი შეცვლაზე ჩაატარა, ამჯერად კი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და 71 წუთი ითამაშა.

სანდრო ალთუნაშვილმა „ვოლფსბერგერში“ შეუცვლელად ითამაშა „ჰარტბერგთან“ გასვლით შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა 0:2 წააგო. მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა 6,8 ქულა მიიღო, რაც გუნდში მეორე შეფასებაა.

ავსტრიის ბუნდესლიგაში გამართული 17 ტურის შემდეგ გრაცის „შტურმი“ 37 ქულით მეორე ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება ლიდერ „ზალცბურგს“, ხოლო „ვოლფსბერგერი“ (23) მე-7 პოზიციაზეა.