„ორლანდო“ შაკილ ო’ნილის სათამაშო ნომერს ხმარებიდან ამოიღებს #1TVSPORT
„ორლანდო მეჯიქი“ ხმარებიდან ამოიღებს ლეგენდარული ცენტრის, შაკილ ო’ნილის სათამაშო ნომერს.
როგორც იტყობინებიან, შაკილი „ორლანდოს“ ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდება, რომლის ნომრითაც კლუბში აღარავინ ითამაშებს. გარდა ამისა, „მეჯიქი“ NBA-ის მესამე კლუბი იქნება, რომელიც ხმარებიდან ამოიღებს ო’ნილის სათამაშო ნომერს. 2013 წელს ეს გააკეთა „ლეიკერსმა“ და ამ გუნდში 34-ე ნომერს ვერავინ გამოიყენებს. ასევე, 2016 წელს „მაიამიმ“ სამუდამოდ მიანიჭა შაკს 32-ე სათამაშო ნომერი.
„ორლანდო“ ცერემონიას 13 თებერვალს, „ოკლაჰომასთან“ საშინაო მატჩისას ჩაატარებს.
შაკილ ო’ნილი „ორლანდომ“ 1992 წლის დრაფტზე პირველ ნომრად აირჩია. პირველ სეზონში ის საშუალოდ მატჩში 23.4 ქულას, 13.9 მოხსნასა და 3.5 დაფარებას აგროვებდა. ამის წყალობით წლის დებიუტანტის პრიზი მიიღო, გარდა ამისა, პირველი კალათბურთელი გახდა მაიკლ ჯორდანის შემდეგ, ვინც სადებიუტო სეზონში „ყველა ვარსკვლავის მატჩზე“ აირჩიეს.