გოგა ბითაძემ ორმაგი დუბლი შეასრულა - „ორლანდო მეჯიქმა“ „ატლანტა ჰოუქსი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ სათამაშო დღეს გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „ატლანტა ჰოუქსს“ დაუპირისპირდა და საკუთარ მოედანზე მეტოქე 117:110 დაამარცხა.

მატჩი დაძაბული გამოვიდა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და, საბოლოოდ, გამარჯვებული ოვერტაიმში გამოვლინდა. მეორე მეოთხედი „ატლანტამ“ 13-ქულიანი უპირატესობით მოიგო, თუმცა მესამეში ორლანდოელებმა მეტოქეს 16 ქულით სძლიეს.

მატჩის დასრულებამდე 19 წამით ადრე „ორლანდო მეჯიქი“ წინ 2 ქულით იყო, თუმცა სადიქ ბეის ეფექტურად ჩაგდებული ორქულიანით „ჰოუქსმა“ გაათანაბრა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა, რომელიც „ორლანდომ“ 12:5 მოიგო.

ფლორიდელთა ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი გოგა ბითაძე. მან მოედანზე 27:35 წუთი გაატარა და თავი ორმაგი დუბლით გამოიჩინა – 11 ქულა, 14 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება. ბითაძემ 6-დან 5 ბურთი ჩააგდო, 2-დან 1 საჯარიმო, ხოლო მისმა შედეგიანობის კოეფიციენტმა +14 შეადგინა.

„ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო იყო აშშ-ის ნაკრების უკანახაზელი პაოლო ბანკერო 35 ქულით, 25 ქულა ჰქონდა კალებ ჰიუსტონს, ხოლო 21 – ჯალენ საგსს.

ამ მომენტისთვის „ორლანდო მეჯიქს“ 21 გამარჯვება და 15 მარცხი აქვს, ამ მაჩვენებლით კი NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთეა.